-
2015-01-20 12:09
„გვინდა სამართლიანობის აღდგენის ყინული დაიძრას, ამისთვის არ კმარა არც ვანო და არც გიგი, არც ბაჩანა, საჭიროა „ყველანი ციხეში!“, განურჩევლად ყველა... მაშინ მოვისვენებ მე პირადად“, - ამბობს „ახალი თაობის“ წარმომადგენელი ლადო სადღობელაშვილი „ალიასთან“ საუბარში.
„ახალი თაობა“ აპირებს პროკურატურაში სამი საჩივარი შეიტანოს, მათან მესამე ტელეჟურნალისტსა წამყვანს ნანუკა ჟორჟოლიანს ეხება - „ახალი თაობის“ წარმომადგენლის ანი დარსალიას თქმით, „2007 წელს სვანეთიდან სამი ახალგაზრდა დააკავეს, რომელთაგან ერთერთი ნანუკა ჟორჟოლიანმა დააკავებინა თავის ქმარს, რადგან ის ბიჭი შემთხვევით ნანუკას ტელეფონზე მოხვდა, მერე კი სიცოცხლე გაუმწარეს და გააღატაკეს. პროკურატურამ ეს საქმეც უნდა გამოიძიოს“.
ამ თემაზე კომენტარს აკეთებს ნანუკა ჟორჟოლიანიც, რომელმაც „ალიას“ უთხრა, რომ მხოლოდ იმიტომ დათანხმდა კომენტარზე, რადგან პატივს სცემს გაზეთის მკითხველს: „სადღობელაშვილს ასეთ პატივს ვერ დავდებ“, - თქვა ჟურნალისტმა და დაამატა:
„როცა სადღობელაშვილი მუშაობს ასეთ თემებზე, მას ქვეყანაზე კი არ შესტკივა გული, დაფინანსებას ეძებს. აჩვენებს ხალხს, რომ საჭირო კაცია. ის აქტიურად თანამშრომლობდა ძველ სუს-თან, ახლებმა არ გაიკარეს და ახლა მათ აჩვენებს, რომ შეიძლება ის დასჭირდეთ, თუმცა, აქტიურად დადის ფსბ-ს დაფინანსებულ პოლიტიკურ ძალებთან და რუხ კარდინალებთან ან კარდინალთან (გვარს არ დავასახელებ).
ნანუკა და ირაკლი კოდუა სადღობელაშვილისთვის მომგებიანი თემაა და ფიქრობს, რომ ამ თემით მოიგებს, მაგრამ სადღობელაშვილი ნებისმიერ შემთხვევაში წააგებს, რადგან რუსულ თამაშს თამაშობს და თუ ამ სარჩელით დაფინანსებას მიიღებს, ჩავთვლი ამ ფაქტს, როგორც მორიგ ქველმოქმედებას ჩემგან“.
ლადო სადღობელაშვილი რუსეთის ფსბ-სთან თანამშრომლობის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ როცა ქვეყნიდან გაქცევა დასჭირდა, მაშინაც კი ევროპაში გაიქცა და არა რუსეთში. მისი თქმით, გაჩერებას არ აპირებს და ყველას ამხელს, რადაც არ უნდა დაუჯდეს.