
უკრაინას მრავალმილიონიანი დიასპორა ჰყავს, მაგრამ პოროშენკომ ამ რესურსის გამოყენებაზე უარი თქვა და საკვანძო თანამდებობებზე სააკაშვილის გუნდის წევრები წაიყვანა, ამიტომ მსოფლიო საზოგადოების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი რეფორმატორი იყო და აქ დემოკრატიას აშენებდა -
ამის შესახებ სახელმწიფო კანცელარიის ყოფილმა ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ „ალიასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მამრაძე დარწმუნებულია, რომ უკრაინის ფაქტორი სააკაშვილმა კარგად გამოიყენა პიარისთვის:
„მთელი მსოფლიო ხედავს, რომ პრეზიდენტი პოროშენკო ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად სააკაშვილს მიმართავს დახმარებისთვის, უკრაინაში რეფორმების სადავეები სააკაშვილის გუნდის ხელშია“, - აცხადებს მამრაძე და დასძენს, რომ სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა „ნაციონალური მოძრაობის“ რეაბილიტაცია საერთაშორისო ასპარეზზე, საზოგადოებაში და პოლიტიკურ წრეებში.
მამრაძე ამბობს, რომ შემდგომი 2-3 წელი უკრაინაში რეფორმების წლები იქნება, ეს წლები კი საუკეთესო იქნება ნაცმოძრაობის პიარისთვის, რადგან სააკაშვილის გუნდი შეეცდება, მსოფლიო დაარწმუნოს, რომ უკრაინაში იმას აკეთებენ, რისი გაკეთების საშუალებაც საქართველოში არ მისცეს.
„ისინი ამ პერიოდში სრულ რეაბილიტაციას მოახდენენ და მსოფლიოს დაარწმუნებენ, რომ სააკაშვილი ჭეშმარიტი რეფორმატორი იყო, რომელიც ახლა უკრაინის კრიზისიდან გამოსაყვანად იბრძვის. ამ ფაქტორმა დიდი ძალა შემატა სააკაშვილსა და მის თანამზრახველებს, ეს ხელისუფლების უხეში შეცდომების შედეგია“, - ამბობს ინტერვიუში პეტრე მამრაძე.