
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ირაკლი ალასანიას მხრიდან პასუხის გაცემას ითხოვს ხუთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომლებშიც, მისი თქმით, სწორედ ალასანიას ხელი ურევია.
"დღეს ინტერესით გავეცანი ირაკლი ალასანიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ ვიღაც-ვიღაცეებისთვის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება მიუღებელი იყო. ბატონი ალასანიას სტილია ზოგადი ფრაზების გამოყენებით ზოგადი განცხადებების კეთება, ამიტომ, როგორ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მინდა კონკრეტულად დავსვა ხუთი საკითხი, რომელმაც ძალიან დააზიანა საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და რომელიც ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდში მოხდა.
იქნებ, გაიხსენოს, რატომ გადადგა ეს ნაბიჯები, ვინმემ უბრძანა? თუ მართლა არ ესმოდა ეს რა ზიანს მოუტანდა ქვეყანას?
1. ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებით, გაჩერდა თბილისის თავდაცვის წრის მშენებლობა. ამით უდიდესი დარტყმა მიადგა საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, რადგან ეს წრე იყო ჩვენი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი გარანტი;
2. ირაკლი ალასანიას მინისტრობისას, 2 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა ამერიკული ვერტმფრენების და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ჩამოსატანად. არადა შეთანხმება მიღწეული იყო და 2012 წლის დეკემბერში უნდა დაწყებულიყო მისი რეალიზება;
3. ირაკლი ალასანიას ხელმოწერით, ულტრათანამედროვე ფრანგული ვერტმფრენები თავდაცვიდან გადაეცა ეკონომიკას გასაყიდად, არადა ეს ვერტმფრენები ჰაერივით სჭირდებოდა ჩვენს შეიარაღებულ ძალებს;
4. ირაკლი ალასანიას ხელმოწერით, სამხედრო წარმოება „დელტა“ გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს და თავდაცვის სისტემიდან გაუშვეს უნიჭიერესი, ახალგაზრდა ქართველი კონსტრუქტორები, რამაც უმძიმესი დარტყმა მიაყენა ქართული იარაღის წარმოებას;
5. ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდში 2 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა რეზერვის განვითარების კუთხით, არადა ჩვენი გეგმით, 2015 წლისთვის ჩვენ უკვე უნდა გვყოლოდა 30 000 ძალიან მაღალ დონეზე (ესტონური მოდელით და ნატოს სტანდარტით) მომზადებული რეზერვი, 2017 წლისთვის კი 75 000, რაც მოგვცემდა ნებისმიერი თავდაცვითი სამხედრო ამოცანის შესრულების შესაძლებლობას.
მე მგონი, ძალიან კონკრეტული საკითხებია და როგორც პოლიტიკოსს, ირაკლი ალასანიას უნდა ესმოდეს, რომ ამაზე პასუხი გასაცემია...", - წერს დიმიტრი შაშკინი.