
რუსეთის პატრიარქ კირილს შეუძლია, ქართველი სამღვდელოება შეუშვას აფხაზეთში, მაგრამ ის ამას არ აკეთებს, ის ჩვენს წინააღმდეგ წავიდა. ამიტომ რუსეთის საპატრიარქოც ოკუპანტია, - ამის შესახებ მამა მიქაელ ასათიანმა "ტაბულასთან" სტუმრობისას, გადაცემაში "საუბარი რელიგიაზე" განაცხადა.
„მე ვარ აფხაზეთიდან, ჩემი სახლ-კარი დანგრეულია, ჩემი ეზო განადგურებულია, ჩემი ეკლესია ილორის, სადაც მე მოვინათლე, დავდიოდი, და ბავშვობა გამიტარებია მე იქ არ მიშვებენ. მამაჩემის საფლავი, ჩემი ნათესავების საფლავი აფხაზეთშია, ქალაქ ოჩამჩირეში, მე იქ არ მიშვებენ.
მთელი ქართველები გამოდევნეს აფხაზეთიდან, სასულიერო პირები გამოდევნეს, ილორის ეკლესია გადააკეთეს რუსულ ყაიდაზე და ამდენი ხნის განმავლობაში ოკუპირებულია აფხაზეთის ტერიტორია რუსების მიერ.
მე პირადად რუსებთან რიგით მოქალაქეებთან არავითარი პრობლება არა მაქვს, მე გამაჩნია პრობლემა მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებასთან. რუსეთის ხელისუფლება არის საქართველოს მტერი, აქედან გამომდინარე კირილი არის რუსი და კირილი არის რუსეთი საპატრიარქოს ხელმძღვანელი, მაგას შეუძლია ძალიან ადვილად, ქართული სამღვდელოება შეუშვას აფხაზეთში და სამაჩაბლოში, მაგრამ ის ამას არ აკეთებს. ის ჩვენს წინააღმდეგ წავიდა.
აქედან გამომდინარე, როდესაც მე ჩემს სახლში არ მიშვებენ და ჩემი ტერიტორია ოკუპირებულია, რუსეთის საპატრიარქოც ოკუპანტია პირადად ჩემთვის, იმიტომ რომ, მან მოახდინა აფხაზეთის ეკლესიის ოკუპაცია, იქ არიან რუსი სამღვდელოება და აქედან გამომდინარე ჩემთვის რუსეთის პატრიარქი კირილიც იგივე ოკუპანტია,
აქედან გამოდმინარე მე მივიჩნევ, რომ ის არ უნდა შემოვიდეს საქართველოში, მე მაგას როგორ უნდა ვემთხვიო ხელზე? როგორც ოკუპანტს, თუ როგორც ერთმორწმუნე პიროვნებას, რომელიც მართლმადიდებლობაზე თავს დებს და მე იქ არ მიშვებს?"- განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ასათიანმა.