
5 დეკემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ინტერვიუ ჩაწერა "უკრაინსკაია პრავდამ". სააკაშვილის მოსაზრებები გამოცემას ბევრ რამეზე აინტერესებდა, მათ შორის, შეკითხვები იმასაც შეეხო, როგორ იქცევიან ოლიგარქები ქვეყანაში რეფორმების დაწყებისას.
მიხეილ სააკაშვილი ჰყვება, რომ როცა საქართველოში ინვესტიციების ჩადებისა და ობიექტების ხელახალი პრივატიზაციის პერიოდი დაიწყო, ოლიგარქი ბადრი პატარკაციშვილი რეფორმების იდეის ავტორს კახა ბენდუქიძეს აშანტაჟებდა. სააკაშვილის თქმით, ბადრი პატარკაციშვილი ბენდუქიძეს ემუქრებოდა, რომ ტვ "იმედზე" გააშვებინებდა სიუჟეტს სადაც ნათქვამი იქნებოდა, რომ ბენდუქიძემ მცირეწლოვან ბიჭუნაზე სექსუალური ძალადობა განახორციელა:
"ამის მიუხედავად, ბენდუქიძემ დაწყებული საქმე გააგრძელა. როცა ამ მეთოდმა არ გაჭრა, პატარკაციშვილმა ყველა იმ ბიზნესმენის დაშინება დაიწყო, ვინც საპრივატიზაციოდ გამოტანილ ობიექტებს ყიდულობდა. მერე ჩვენ ცალ-ცალკე გამოვიჭერდით ხოლმე იმ ბიზნესმენებს, ვესაუბრებოდით და ვაძლევდით გარანტიას, რომ ვერავინ შეეხებოდა...", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და უკრიანასთან მიმართებაშიც აღნიშნა, რომ ქვეყანა კარგად უნდა მოემზადოს ოლიგარქებისა და მეხუთე კოლონის შეტევის მოსაგერიებლად.