
ლიტერატორი გია გოკიელი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აღწერს, რა ხდებოდა თელავში, ფესტივალის დასკვნით დღეს საკონცერტო დარბაზში და მის გარეთ.
გოკიელი არ ასახელებს პირს, ვისაც სტატუსი ეხება, მაგრამ კომენტარებში წერენ, რომ ფესტივალის დახურვისადმი მიძღვნილ კონცერტს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო და სტატუსიც სწორედ მასზეა.
"დღეს თელავის ფესტივალის დასკვნითი დღე იყო და გავემგზავრეთ ჩვენი მანქანით. უჯარმასთან ახლოს კორტეჟი წამომეწია. პატრულმა ლამის გზიდან გადამაგდო, აი, ფილმებში რომ გინახავთ, ისე. იძულებული ვიყავი გზის პირას გავჩერებულიყავი.
პატრულმა ჩამიარა და თან მომაყეფა, ეგრე იდექი და კორტეჟი რომ ჩაივლის მერე გააგრძელე მოძრაობაო (გამახსენდა, მესამოცე სკოლაში პირველკლასელები კედელს უნდა ავკროდით ხოლმე , როცა დირექტორი ჩამოივლიდა დერეფანში).
შემდეგ კორტეჟით ჩაბრძანებულმა პატივცემულმა გვამმა 45 წუთით დაიგვიანა დარბაზში შემობრძანება და ყველა მას უცდიდა, სავსე დარბაზი, სოლისტები და ორკესტრანტები, გეგონება რიხარდ შტრაუსის კონცერტინო კლარნეტის, ჰობოისა და სიმებიანი ორკესტრისათვის რომ არ მოესმინა, ღამე არ დაეძინებოდა (ეს რეპლიკა ჩემი არაა, გვერდით მჯდომმა მსმენელმა თქვა ).
შესვენებისას მეორე იარუსიდან რომ ჩამმოვდიოდით, დაცვამ გზა გადაგვიკეტა და კარგა ხანს მთელი ეს ხალხი კიბის საფეხურებზე გავიჭედეთ. როცა ბოლოს გავლის უფლება მოგვცეს, დავინახე, ხელმარცხნივ თავაწეული პატარა კაცი იდგა და ვიღაცას ელაპარაკებოდა.
მერე მუსიკოსები ყვებოდნენ, რომ კულისებში გათბობა გაუთიშავთ და შილიფად საკონცერტოდ ჩაცმულებს შესცივნიათ. მიზეზი კი ის ყოფილა, რომ ამ პატარა კაცს უთქვამს, მცხელაო. აი ასეთ კულტურულ გარემოში ჩატარდა ეს მუსიკალური თვალსაზრისით მართლაც შესანიშნავი კონცერტი", - წერს გია გოკიელი.