რას წერდა მემუარებში ეროსი კიწმარიშვილი მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაზე

Image

საკრებულოს ყოფილმა წევრმა გიორგი გუგავამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეროსი კიწმარიშვილის მემუარების ერთი ნაწილი გამოქვეყნა, სადაც „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით საინტერესო დეტალებს ყვება.

 

 

„პირველი შეხვედრა ივანიშვილთან - ბიძინასაც „წეწავდნენ"

 

...ბერიას სახლში მხვდება მიშა და კიდევ გამხდარი, ინტელიგენტური გარეგნობის, ფერმკრთალი სადღაც, ასე, 45 წლის კაცი, ძვირფას, მაგრამ სადა კოსტიუმში, ნაქსოვ პერანგში. მთლად ქართული იერი არ აქვს, გარეგნობასა და ჩაცმულობაზე ეტყობა, რომ მდიდარია.

 

იმ პერიოდში, სადაც მივდიოდი, ყველგან პირდაღებულები მხვდებოდნენ, ცოცხალ ლეგენდასავით მიყურებდნენ. ამ კაცს დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით მსგავსი არაფერი გამოუხატავს, თავისუფლად, მშვიდად შემხვდა. ამან გამაკვირვა და ცოტა დავიძაბე. ჩავთვალე, რომ ან ქართველი არ იყო, ანაც მე საერთოდ არ მიცნობდა.

 

ამასობაში მიშამ ერთმანეთი გაგვაცნო და გავიგე, რომ ის ყველაზე მდიდარი ქართველი ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა, რომელზეც მეც და მთელ ქვეყანასაც უამრავი ლეგენდა სმენია. ჩემთვის მოულოდნელად ის მიშასთან ძალიან დაახლოებული აღმოჩნდა.

 

არჩევნებსა და რევოლუციის წინა პერიოდში ივანიშვილი მიშას მთავარი დონორი იყო. ჟვანიას და კიდევ სხვა პარტიებს პატარკაციშვილი აფინანსებდა. ჟვანია ცდილობდა, რომ სააკაშვილისგან ცალკე გამოსულიყო არჩევნებში, რასაც მე ვაპროტესტებდი, ვინაიდან ვფიქრობდი, რომ ერთიანი ძალით უფრო იოლად დავამარცხებდით შევარდნაძის რეჟიმს.

 

ეს მცდელობა ჯერ კიდევ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისას მქონდა, მაგრამ ამათი გაერთიანება არც მაშინ მოხერხდა. ჟვანიას გარემოცვის წევრები, სააკაშვილს კრიმინალებისაგან დაფინანსების გამო აკრიტიკებდნენ.

 

ამბობდნენ, რომ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში კანონიერმა ქურდმა ტარიელ ონიანმა დააფინანსა, რაც ფანტაზიის სფერო სულაც არ არის. სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია მეგობრობს ბიზნესმენ მიხეილ სურგულაძესთან, რომელიც, თავის მხრივ, ტარიელ ონიანის უახლოესი მეგობარიცაა.

 

სააკაშვილმა მე და ბიძინა ერთმანეთს გაგვაცნო და რამდენიმე ხნით მარტო დაგვტოვა. ბიძინამ საუბარი ძალაუფლებას შეჩვეული კაცის ტონალობით დაიწყო. ის შეჩვეულია ამ ტიპის საუბარს, როცა მისი ნათქვამი განხილვას აღარ ექვემდებარება.

 

„მიხარია, რომ გაგიცანით და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რაც გააკეთეთ. თქვენ რომ არ ყოფილიყავით, ეს რევოლუცია არ მოხდებოდა. სულ მქონდა განცდა, რომ „რუსთავი 2"-ს გაყიდდით.

 

მე ვიცოდი, რომ ბადრის თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდა ამ ტელევიზიის ყიდვა, ამის გამო ვაფინასებდი მე-9 არხს, რომ მთელი სატელევიზიო სივრცე მას არ გაეკონტროლებინა,”- მითხრა მან.

 

ბადრის მიმართ უარყოფითად საუბრობდა, რაც გულზე სალბუნივით მომხვდა. გამიხარდა იმ ფონზეც, რომ სააკაშვილი და ჟვანია მასთან დამეგობრობას ცდილობდნენ. ჩემთვის ეს დიდი სიურპრიზი იყო.

 

„მე მინდა მადლობა გამოვხატო თქვენ მიმართ და რახან ბადრი დამარცხდა, მე მე-9 არხი აღარ მჭირდება. თქვენ გაჩუქებთ მის ტექნიკას, სიხშირეს, შენობებს და რაც მოგეწონებათ, ყველაფერი წაიღეთ.”

 

გამიხარდა. კაცი მეცენატია, გჩუქნის. რაც შეეხება პერსონალს, თუ ვინმეს საჭიროდ ჩათვლით, თქვენთან გადაიყვანეთ, დანარჩენებზე მე ვიზრუნებ ქუჩაში, რომ არ დარჩნენო.

 

ასე მოხვდა „რუსთავი 2"-ში ანუკა ქინქლაძე, ჩართვის მეორე მანქანა, ტოიოტას ჯიპზე დამონტაჟებული უძვირფასესი ტექნიკა. ბევრი არაფერი წამომიღია, ძირითადად, ბიძინასაც წეწავდნენ, ბევრი ფული ჰქონდა გადაყრილი.

 

მე-9 არხის ტერიტორიაც დავათვალიერეთ, ნაგებობები ვნახე, ფეხით მოვიარე და ჩვენთვის ეს ადგილი უინტერესო აღმოჩნდა. ახლა სადაც „ორთაჭალის ტურფა" შენდება, ეს ის ტერიტორიაა, მერე ამ მიწის გამო დიდი ხმაური ატყდა და ნაცემი დეპუტატი გელაშვილი რეანიმაციაშიც მოხვდა. ჩვენ გვაჩუქეს და უარი ვთქვით.

 

ივანიშვილმა იცოდა, რომ ჩვენ ტელევიზიის აქციების დარიგებას და მის საზოგადოებრივ მაუწყებლობად გადაქცევას ვაპირებდით. ამ თემაზე თვითონ ჩამოაგდო საუბარი. თავად შემომთავაზა დახმარება ამ პროექტის გახორციელებაში.

 

მან მითხრა, რომ „რუსთავი 2"-ის ანგარიშზე 20 მილიონ დოლარს ჩარიცხავდა, რათა ტელეკომპანიას დეფიციტი აღარ შექმნოდა, ხოლო მომავალი აქციონერების სია ერთად უნდა ჩამოგვეწერა. ის აპირებდა ჩვენთვის, ტელევიზიის დამფუძნებლებისთვის მატერიალური კომპენსაცია გადაეხადა.

 

მას სურდა, რომ ტელევიზიის გენერალურ დირექტორად ისევ მე დავრჩენილიყავი, თუმცა ვიუარე, ვინაიდან ზუსტად იმიტომ გავდიოდი ტელევიზიიდან, რომ ჩემი სახელი უკვე ხელს უშლიდა მას ობიექტურობაში.

 

„ერთადერთი თხოვნა მაქვს - ეს ჩვენი შეთანხმება საიდუმლოდ დარჩეს. მე რუსეთში ვშოულობ ფულს და არ მინდა პუტინმა და რუსეთის ხელისუფლებამ გაიგოს, აქ რას ვაკეთებ. ამის გამო შესაძლოა პრობლემები შემექმნას,”- მთხოვა მან.

 

მე ვუთხარი, ერთადერთი ადამიანი, ვისაც ყველაფრის საქმის კურსში ვაყენებ, არის ჩემი პარტნიორი დათო დვალი, მას ჩემს თავზე მეტად ვენდობი და პასუხს ვაგებ. თან ჩემს ინტერესში არ შედის ამ პროექტის ხელისშეშლა.

 

ამ საუბარს სააკაშვილიც ესწრებოდა, ისიც კმაყოფილი ჭყლოპინებდა. ერთმანეთს კარგად დავშორდით. ამის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ შევხვდით ერთმანეთს. „ქართუს“ შენობაში ერთად ვისადილეთ მე, ბიძინამ და კახა ლომაიას ძმამ, რომელიც „ქართუ ჯგუფს“ ხელმძღვანელობდა.

 

ჩვენი პროექტის ირგვლივ დეტალებს ვათანხმებდით, თითქმის დავმეგობრდით, მართლაც სასიამოვნო იყო ჩემთვის ასეთი ალტრუიზმი, ადამიანი, მხოლოდ იმიტომ, რომ დაგვეხმაროს, ამხელა მატერიალურ დანახარჯზე მიდიოდა.

 

სააკაშვილმა შეთანხმება ჩაშალა

 

ერთ მშვენიერ დღეს ბიძინა გაქრა. მე მასთან შეხვედრაზე მივედი და მის ნაცვლად ლომაიას ძმა დამხვდა, რომელმაც გადმომცა, რომ ივანიშვილს ჩხარტიშვილმა დაურეკა და ჰკითხა - მართლა „რუსთავი 2“-ს ყიდულობო?

 

ამის მერე ბიძინა ივანიშვილი საერთოდ აღარ მინახავს. არც მიცდია მისი მოძებნა, მაგრამ გამოვიდა, რომ მან რაღაც მთხოვა და მე ვერ შევასრულე.

 

ვიღაცამ ჩვენი შეთანხმება გაახმაურა, რაც პირობის დარღვევა იყო. ზუსტად ვიცი, რომ მე და დვალს არავისთვის არაფერი გვითქვამს, ეს არანაირად გვაწყობდა. ლომაიას ძმა ივანიშვილის თანამშრომელი იყო და ამას ნამდვილად ვერ გაბედავდა - ეს მისთვის თვითმკვლელობა იქნებოდა.

 

რჩება მხოლოდ მიშა სააკაშვილი. შედეგიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება მან ჩაშალა. მას დამოუკიდებელი საზოგადოებრივი სატელევიზიო არხი არ ჭირდებოდა.

 

ასეთ არხს ვერც ხელში ჩაიგდებდა, როგორც ეს მოგვიანებით გააკეთა და ძნელადაც თუ გააკონტროლებდა (ვინაიდან აქციებს საზოგადოებისთვის ნაცნობ წესიერ და პრინციპულ ადამიანებს ვჩუქნიდით) ისე, როგორც აკონტროლებს ვითომ საზოგადოებრივ მაუწყებლად გადაკეთებულ პირველ არხს.

 

ამიტომ ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ მიშას ინტერესში არ იყო ჩემი და ივანიშვილის შეთანხმება.

 

ამ პერიოდში მახსოვს, ირაკლი ჩუბინიშვილმა საკრალური ფრაზა მითხრა, რომელიც თავში ჩამრჩა - მიშას „რუსთავი 2"-ის ეშინია და იძახის - არ მინდა, რაღაც დროის მერე „რუსთავი 2"-ზე, „60 წუთში“ ჩემზე ჟურნალისტური გამოძიება მოამზადონ, სადაც აღწერილი იქნება, რომ მე სახლი მაქვს ლონდონშიო.

 

მას ეშინოდა „60 წუთში“ მოხვედრის, ამ გადაცემის ნახევარი თანამშრომლები უშიშროების სამსახურში გადაიყვანა სამუშაოდ და ბიძინას შემოთავაზება დაბლოკა. ისე გააკეთა ყველაფერი, რომ ვითომ თავად მე დავარღვიე შეთანხმების პირობა.

 

ბიძინამ სიტყვა შეასრულა, ყველაფერი, რასაც დაგვპირდა, გადმოგვცა, მაგრამ გაქრა,“ - წერს მემუარებში ეროსი კიწმარიშვილი. 

 

 

https://www.facebook.com/giorgi.gugava.1/posts/798343366870622

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !