
ანიტა ფაცაციას დედა სოციალური ქსელის მეშვეობით ყველას ახალ წელს ულოცავს და შვილის მდგომარეობის
შესახებ ავრცელებს ახალ ინფორმაციას.
“კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ყველაფერს ერთად. ბედნიერი ყოფილიყოს 2020 წელი სრულიად საქართველოსთვის.რადგანაც ამ ჯგუფის წევრები ჩემს მეორე ოჯახად იქეცით, თავს ვალდებულად ვთვლი პირადად აგიხსნათ ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა. თანაც ვიცი, როგორ ელოდებით ყველა სიახლეს.
ევროპაში გვითხრეს, რომ ტრანსპლანტაციის გარდა გამოსავალი არ არსებობს, ამიტომ ინდოეთში წამოვედით პირდაპირ გულის გადასანერგად. თუმცა, დონორის ლოდინის პერიოდში, თუკი სიტუაცია დამძიმდება, საჭირო ხდება ხელოვნური გულის გადანერგვა, რომელიც საშუალებას აძლევს პაციენტს მშვიდად დაელოდოს რიგს. ჩვენ წინასწარ ვიცოდით რა თანხებან იყო დაკავშირებული ფრენა, აპარატის ჩადგმა, გულის გადანერგვა, მაგრამ ინდოეთში ჩასულს ცოტა სხვა ვითარება დაგვხვდა.
მთავარი კი ისაა, რომ გულის გადანერგვით ჩვენი პრობლემა არ სრულდება. გულგადანერგილი პაციენტი საჭიროებს მთელი ცხოვრება ძალიან ძვირადღირებულ რეაბილიტაციას, რამდენიმე თვეში ერთხელ საზღვარგარეთ კონტროლზე სიარულს და რაც მთავარია, გადანერგილი გული არ არის სამუდამო და რაღაც დროის გასვლის შემდეგ, განმეორებითი გადანერგვა ხდება საჭირო, ამიტომაც ვოცნებობთ ამ ოპერაციის თავიდან არიდებაზე, რამდენად გამოგვივა, ეს მხოლოდ უფალმა იცის.ამ ეტაპზე ანიტას უგრძელდება მაღალი სიცხეები, რასაც ფილტვებში ჩამდგარ წყალს უკავშირებენ ექიმები. 10 დღიანი ანტიბიოტიკებით მკურნალობის მიუხედავად, სიცხე უკან არ იხევს, რის გამოც ჩვენი პაწია გოგო ძალიან წვალობს, თუმცა ცდილობს მაინც მაგრად ეჭიროს თავი და ამ საღამოს საწოლიდან მღეროდა.
თავს ვიმშვიდებ იმით, რომ ახლა ვართ ისეთ ადგილას, სადაც ბევრი საშუალებაა ამ დაავადების სამართავად. უფლის წყალობითა და თქვენი ლოცვით, საუკეთესო გამოსავლით გამოვძვრებით, მაგრამ მდგომარეობა რომც დამძიმდეს, აქვთ უამრავი სხვადასხვა მექანიზმი და აპარატი, რომლითაც შეძლებენ სიტუაციის გაკონტროლებას. ჩვენ კი მანამდე ვილოცოთ, რომ იქნებ იმ პატარა შანსმა გაამართლოს, რომელიც ექიმებმა მოგვცეს”- წერს მარიკო სადრაძე.