-
2015-10-24 21:00
ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტვ "იმედთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ პრეზიდენტმა აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა, როცა მიანიშნა ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროებაზე. ივანიშვილმა მარგველაშვილი ნაცმოძრაობის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მას განმარტება მოუწევს.
"აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა. არავითარი საფუძველი სამოქალაქო დაპირისპირების არ არსებობს. პრეზიდენტს უნდა, რომ შექმნას ეს დაპირისპირება. მე ეჭვი მაქვს, რომ მისი ეს განცხადება ამას ემსახურებოდა. თქვენ ხედავთ რამე საფრთხეს? არანაირი საფრთხე არ არის, არაფერი არ ხდება. რეალურად ხდება ის, რომ ერთი კერძო პირი უჩივის მეორეს და ამაზე შფოთავს "ნაციონალური მოძრაობის" რაღაც ნაწილი ან მთლიანად "ნაციონალური მოძრაობა", გვარამიას მეთაურობით", - აცხადებს ივანიშვილი. მისი თქმით, ვინც მსგავს განცხადებებს აკეთებს, სწორედ ის უჭერს მხარს "ნაციონალურ მოძრაობას".
"არავითარი დაპირისპირების მსგავსი არ არსებობს და ხალხს მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. ორი ათას კაცს ნებისმიერ ქელეხზე მოაგროვებ დღეს. "რუსთავი-2" დაათრევს ამ ორი ათას კაცს, ზოგს ფულს უხდის, ზოგი ნათესავია, ზოგი მეგობარია...", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
"აბა ნახეთ, ორ საათში პრეზიდენტის განცხადებიდან, ორ საათში "ნიუ იორკ თაიმსი" აქვეყნებს სტატიას და აქებს პრეზიდენტის ამ განცხადებას. ვის შეეძლო ეს გაეკეთებინა? მარგველაშვილს სადა აქვს ამის რესურსი? იგივე იაკობაშვილის, რომელიც არის ნაცმოძრაობის პირადი ელჩი აშშ-ში ან სხვა ვინმეს დახმარებით შეიძლებოდა ეს მომხდარიყო", - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.