-
2015-12-15 12:52
საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სოფია მემანიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ჰომოფობიურ კომენტარს აქვეყნებს. ის ადვოკატს მიმართავს და მას მადლობას უხდის, რომ ერთერთ განსასჯელს, რომელსაც ბრალი ედებოდა მეუღლის მიმართ სექსუალურ ძალადობაში, "ადგილი მიუჩინა", შემდეგ კი იმედს გამოთქვამს, რომ ის "ციხიდან მდედრად დაუბრუნდება საამაყო ოჯახს".
ადვოკატ ჯიტა გულუას გვერდზე სოფია მემანიშვილის მიერ გამოქვეყნებულმა ამ კომენტარმა გულისწყრომა გამოიწვია არამხოლოდ მსჯავრდებულის ახლობლებში. შეგახსენებთ, საქმე ეხება სკანდალს, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში, ჟორჟოლიანების ოჯახს უკავშირდება.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, "გამოძიებითა და სასამართლო განხილვით დადგენილია, რომ 2015 წლის 21 თებერვალს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში, თავის საცხოვრებელ სახლში დავით ჟორჟოლიანმა შურისძიების მოტივით, თითქოსდა მისი მეუღლე მარიამ ხოჯავა არ აღმოჩნდა ქალიშვილი, სცემა და ფიზიკური ძალის გამოყენებით დაამყარა მასთან სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით.
ასევე დადგინდა, რომ დავით ჟორჟოლიანმა იმისათვის რომ მარიამ ხოჯავას განეცადა ტკივილი და ტანჯვა, სხვადასხვა დროს არაერთხელ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მარიამ ხოჯავამ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯამრთელობის ხანმოკლე მოშლით: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, სახის მიდამოს რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, მარცხენა თვალის სუბკონიუქტივალური სისხლჩაქცევა, ცხვირის ძვლების ტრავმა, ექსკორიაციები სახის არეში და სისხლნაჟღენთები მარცხენა თვალბუდის არეში, რის შედეგად მარიამ ხოჯავამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.
სამართალდამცავებმა დავით ჟორჟოლიანი 2015 წლის 29 მარტს დააკავეს და მას ბრალდება საქარათველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111, 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა".
სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის ბრალდებები და დავით ჟორჟოლიანს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რასაც აპროტესტებენ მსჯავრდებულის ახლობლები. დავით ჟორჟოლიანის და, ნესტან ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ მისი ძმა უდანაშაულოა და უსამართლოდ იხდის სასჯელს. მისი თქმით, დავით ჟორჟოლიანი ცოლს შერთვიდან მალევე გაშორდა, „მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ ქალიშვილი არ იყო":
"არ არსებობს რეალური მტკიცებულებები, რომელიც დავით ჟორჟოლიანს ამხელს, როგორც მოძალადეს. „ჩემმა ძმამ ცოლი სიყვარულით მოიყვანა, ოჯახის შექმნა უნდოდა, მას არ მოუყვანია ცოლი საცემად ან გასაუპატიურებლად. მას მსგავსი არასდროს ჩაუდენია და არც ჩაიდენს. მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ მოატყუეს მან გადაწყვიტა გაშორება. ამის შემდეგ გავიგეთ ჩვენ, რომ ქალმა საქმე სასამართლოში შეიტანა“, - განაცხადა ნესტან ჟორჟოლიანმა.


განახლება: 02:47:24, 16 დეკემბერი
აღსანიშნავია, რომ ამ სტატიის გამოქვეყნებას დაემთხვა სოფია მემანიშვილის მიერ "ფეისბუქის" პროფილზე სახელის შეცვლა, თუმცა, ფოტოები, პირადი მონაცემები და ის პოსტი, რომელიც 18 ნოემბერს დაწერა და სოფია მემანიშვილის სახელით იკითხებოდა, ახლაც პროფილის ქრონიკაშია, ოღონდ ახლა უკვე "სოფო სოფოს" სახელით ჩანს:


