
საფრანგეთში მყოფი ზურაბ ბაკურაძე აღწერს ერთ შემთხვევას, რომლის მთავარი მოქმედი პირი თვითონ და ერთი უპოვარი მამაკაცი იყვნენ - მამაკაცმა მას თავდაპირველად ფული სთხოვა, მაგრამ იმის გამო, რომ ფული არ ჰქონდა, ბაკურაძემ მას შარვლის ჩუქება შესთავაზა.
მას შემდეგ, რაც შეჭირვებული მოქალაქე სახლში წაიყვანა და შარვალი აჩუქა, მეორე დღეს ბინის შესასვლელთან მიკრული ფული და წარწერა დახვდა:
"ამ რამდენიმე დღის უკან უნივერსიტეტიდან სახლში ვბრუნდებოდი შესვენებაზე.ჩემი ქუჩის ჩასახვევთან ერთი კაცი შემხვდა (პენერებს ეძახიან აქ ასეთებს) და ფული მთხოვა.
ცუდი ამინდი იყო, ციოდა. ამ კაცს შევხედე შელახული შარვალი ეცვა ( თეძოებზე გამოხეული) . მე ვუთხრი,- ფული არ მაქვს, მაგრამ აქვე ვცხოვრობ, წამოდი და ტანსაცმელს მოგცემ-მეთქი.კარგიო და წამოვედით.
სახლში მოვედით, გადმოვიღე ტანსაცმელი, შარვალი აიღო, არ ჩაუცვამს, ისე მიიზომა, კარგიაო, ჩანთაში ჩაიდო, მადლობა გადამიხადა და წავიდა. მეც ცოტა ხანში უნივერსიტეტში მივბრუნდი, იქიდან ვარჯიშზე წავედი და გვიან მოვედი სახლში. სახლში მოსულს კი კარებზე ეს ფურცელი და ფული დამხვდა ( ფურცელზე წერია : ” ფული შენი შარვლის ჯიბეში იყო.
კიდევ ერთხელ მადლობა შარვლისთვის”). იმ შარვლის ჯიბეში უპოვია, რომელიც მივეცი. მე არც მახსოვდა იქ თუ ფული მქონდა და ვერც ვერასდროს გავიგებდი თუ აიღებდა და თავისთვის მოიხმარდა ამ ფულს.
სახლთან ახლოს, სუპერმარკეტთან იკრიბება ხოლმე მსგავსი ხალხი, გავედი მაშინვე იმ იმედით, რომ ვიპოვიდი იმ კაცს, მაგრამ ვერც მაშინ და ვერც მერე ეს კაცი ვერ ვიპოვნე. არადა, თავიდან ფული მთხოვა...", - წერს ზურაბ ბაკურაძე.