-
2015-11-19 11:46
ISIS-ს დაქვემდებარებული ერთერთი გამოცემის მიერ გამოქვეყნებული მოწყობილობის ფოტო, რომელიც, შესაძლოა, სინაის თავზე ჩამოვარდნილ A321-ში აფეთქდა, რუსი ექსპერტების აზრით, 1999 წელს მოსკოვში „ჰატაბის“ მიერ მოწყობილი ტერაქტების შემდეგ ნაპოვნი მოწყობილობის იდენტურია.
ერთერთი ექსპერტი წერს, რომ ფოტოზე, რომელიც გამოქვეყნდა, თუნუქის ქილის გვერდით დევს სტანდარტული საბჭოთა ელექტროდეტონატორი და ელჩამრთველი, რომელზეც საიზოლაციო ლენტითაა მიმაგრებული თავსახური. სწორედ მასში, ექსპერტის აზრით, მოთავსებულია ელემენტი და მიკროსქემა-ტაიმერი, რომელიც მოწყობილობის ამოქმედების დროს განსაზღვრავს.
მისივე თქმით, განსხვავება მხოლოდ ზომებშია, რადგან თუ ახლა ტაიმერის სიდიდე არ აღემატება, ვთქვათ, ათთეთრიან მონეტას, 17 წლის წინ ტერორისტებმა ძველი ელექტროსაათი გამოიყენეს. ექსპერტი ამბობს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები თუნუქის ქილებში აქტიურად გამოიყენებოდა ჩრდილოეთ კავკასიაში.
შეგახსენებთ, 1999 წლის 8 და 13 სექტემბერს ტერორისტებმა მოსკოვში, გურიანოვის ქუცაზე და ქაშირის გზატკეცილზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსები მიწასთან გაასწორეს. ორ ტერაქტს, ჯამში, 224 ადამიანი ემსხვერპლა, 697-მა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.
გამოცემის ვარაუდით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დამაგრებული იყო ერთერთი სავარძლის უკან, ლაინერის მარჯვენა ბორტთან. აფეთქების შემდეგ მოხდა სალონის დეჰერმეტიზაცია, რამაც ლაინერის კატასტროფა გამოიწვია.
ამავე დროს, სწორედ მარჯვენა ბორტთან გადის კაბელები პილოტთა კაბინისკენ, რომლებიც „შავი ყუთის“ ჩანაწერებს უზრუნველყოფს, ხოლო რახან აფეთქების დროს ეს კაბელებიც გაწყდა, ყუთში კატასტროფის ამსახველი ჩანაწერი არ არის.
დადგენილია ასევე, რომ ტერორისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა სალონში შარმ-ელ შეიხის აეროპორტში აიტანეს. თვითმფრინავი რეისს სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით ასრულებდა. აფეთქების შედეგად 217 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი დაიღუპა.
