-
2015-10-01 20:29
დღეს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან, ანუ, ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლიდან ზუსტად სამი წლის თავზე ყველანი მომსწრე ვართ არნახული შეტევისა თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი მედიის წინააღმდეგ.
სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება თავისი მოქმედებით კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს აღქმას, რომ ქვეყანას მართავს ერთი პირი - ოლიგარქი, რომლის აკვიატებული სურვილების ასრულებაზე მუშაობს მთელი სახელმწიფო მანქანა, დაწყებული პოლიციით, დასრულებული იუსტიციის სამინისტროთი და კონკრეტული მოსამართლეებით.
დღეს, „რუსთავი-2“-ის 100%-იანი მფლობელი ტელეკომპანია „საქართველოს“ დაყადაღებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა საუბრები თითქოსდა „რუსთავი-2“-თან მიმართებაში დაწყებულ კერძო სამართლებრივ დავაზე, მხოლოდ შირმაა იმ გადამწყვეტი შეტევის წინ, რასაც ხელისუფლება ამზადებს „რუსთავი-2“-ისა და, ზოგადად, თავისუფალი მედიის წინააღმდეგ.
დღეს საქართველოში მოქმედი ყველა მედიასაშუალების მიზანი, განურჩევლად მისი სარედაქციო პოლიტიკისა, უნდა იყოს თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე დგომა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილის „სამართლიანობის აქლემი“ ყველა მათგანის კართან დაიჩოქებს - ამაში დასარწმუნებლად იმის გახსენებაც საკმარისია, როგორ მოექცა ოლიგარქი მისი გარემოცვის მიერ, მისივე მითითებით დაფუძნებულ მედიასაშუალებებს.
სწორედ ამიტომ, მედიასაშუალებათა დუმილი დღეს ნიშნავს, რომ ხვალ მათ უკვე ისე დაადუმებენ, რომ სურვილის შემთხვევაშიც კი, ხმა ვერ ამოიღონ.
„აფხაზეთის ხმა“ სოლიდარობას უცხადებს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-ს, ტელეკომპანია „საქართველოს“ და მოითხოვს ხელისუფლებისგან, ქვეყნის დე ფაქტო მმართველისგან - ბიძინა ივანიშვილისგან, დაუყოვნებლივ აიღოს ხელი მედიის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან შეტევაზე.
მედიაცენტრ „ღია აფხაზეთისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე - გიორგი კორახაშვილი
რადიო „აფხაზეთის ხმის“ დირექტორი - ირაკლი დათეშიძე
რადიო „აფხაზეთის ხმის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი - ლაშა ბერულავა