
"რუსთავი-2"-ის შემდეგ სასამართლომ კომპანიის 51%-იანი წილების მფლობელი ტელეკომპანია "საქართველოც" დააყადაღა, რაც იმას ნიშნავს, რომ "რუსთავი-2"-ზე დამატებითი ფინანსური წნეხია და, შესაბამისად, ისმის კითხვა, შეძლებს თუ არა სამაუწყებლო კომპანია დამოუკიდებლად საქმიანობას.
ტელეკომპანია "საქართველოს" წილების დაყადაღების შესახებ დღეს გახდა ცნობილი, როცა რეესტრში უარი თქვეს წილების გადანაწილების შესახებ ხელშეკრულების განახლებისგან. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ძმები ყარამანაშვილების წილს დიმიტრი ჩიქოვანი ყიდულობდა და ჩიქოვანი ასევე იღებდა ვალდებულებას, რომ ის დამატებით "რუსთავი-2"-ის საწესდებო კაპიტალში მოახდენდა 6 მილიონის ინვესტირებას.
სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია "საქართველოს" დაყადაღების შესახებ არ ყოფილა მოულოდნელი ქიბარ ხალვაშის ადვოკატებისთვის. დავით სალია აცხადებს, რომ წილების გასხვისება იგეგმებოდა დიმიტრი ჩიქოვანზე, ვინც თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ცოლისძმაა. ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, რადგან გაგვიჩნდა ეჭვი, რომ ეს კეთდებოდა იმისთვის, რათა მას შემდეგ, რაც ქიბარ ხალვაშს აღუდგებოდა თავისი უფლებები, კეზერაშვილს ჰქონოდა უფლება, მოეთხოვა რამდენიმე მილიონი, რაც გამოიწვევდა კომპანიის გაკოტრებას.
სხვაგვარად ფიქრობენ "რუსთავი-2"-ის ადვოკატები, რომლებიც აცხადებენ, რომ ტელეკომპანია "საქართველოს" დაყადაღება არაფერ შუაშია იმ სარჩელთან, რაც ქიბარ ხალვაშს აქვს შეტანილი სასამართლოში. უფრო პირიქით, დიმიტრი ჩიქოვანი აპირებდა დამატებით თანხის ჩადებას, რაც არანაირად არ წარმოადგენდა ხელისშემშლელ ფაქტორს.