
ის, რაც იტალიის ქალაქ სპეციაში, ქალთა შორის ფეხბურთში ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე მოხდა, გულგრილს არავის დატოვებდა. იტალიის ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელსაც ლეგენდარული ანტონიო კაბრინი წვრთნის, ამ მატჩში ქართველი ფეხბურთელი ქალები 6:1 დაამარცხეს, მაგრამ ამ მატჩზე დაწერილ სტატიებში სულ სხვა რამეზე გაკეთებულ აქცენტებს წააწყდებით.
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა პირველად მოახერხა წინასაკვალიფიკაციო რაუნდის დაძლევა და მომდევნოზე გასვლა, სადაც ისინი იტალიის, ჩეხეთის, შვეიცარიის საკმაოდ წარმატებულ ნაკრებ გუნდებთან არკვევენ ურთიერთობას.
სპეციაში მატჩი ქართველებისთვისაც და იტალიელებისთვისაც მოულოდნელად დაიწყო: მე-3 წუთზე გულნარა გაბელიამ ანგარიში გახსნა და საქართველო დააწინაურა, თუმცა, გამოუცდელმა ფეხბურთელებმა უოირატესობის შენარჩუნება ვერ შესძლეს და საბოლოოდ, შეხვედრა 1:6 წააგეს.
მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ანტონიო კაბრინიმ გულახდილად თქვა, რომ როცა ქართველებმა ანგარიში გახსნეს, რამდენიმე წუთში კი იტალიელთა მეკარესთან ერთი-ერთზე გასულმა ფეხბურთელმა კარს ოდნავ ააცილა ბურთი, თამაში წაგებული ეგონა...
და მაინც, ამ მატჩში ყველაზე მნიშვნელოვანი არ იყო გოლები. მას შემდეგ, რაც საფინალო სასტვენის ხმა გაისმა და ფეხბურთელები მოედნიდან გასახდელისკენ დაიძრნენ, მოედანზე საქართველოს ნაკრების მეკარე თამარ ნადირაშვილი დარჩა: ის კარების წინ, მინდორზე პირქვე დაემხო და ცხარე ცრემლებით ტიროდა...
ატირებული მეკარე ყველაზე პირველად იტალიელმა თავდამსხმელებმა შენიშნეს და მაშინვე მასთან მიირბინეს. რაფაელა მანიერი (16) თამარ ნადირაშვილს ჩაეხუტა და მის დამშვიდებას შეუდგა. მათთან კიდევ რამდენიმე იტალიელმა მიირბინა და ატირებული მეკარე ხელგადახვეული, ფერებ-ფერებით გაიყვანეს მოედნიდან. სტადიონზე დარჩენილი მაყურებელი ამ ამაღელვებელი სანახაობის მიმართ გულგრილი არ დარჩენილა - ისინი ფეხზე წამოდგნენ და ქართველი მეკარე გასახდელისკენ ოვაციით გააცილეს...
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა შეხვედრა თბილისშიც გამართა, სადაც ის ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი უხეში თამაშისთვის გააძევეს, ხოლო ერთი დაშავებული ფეხბურთელი გასული იყო, 9 ქალით დარჩენილი ჩვენი ნაკრების კარში ჩეხებმა ბურთის გატანა მოახერხეს. ეს 68-ე წუთზე მოხდა.
ამის შემდეგ ჩეხებმა კიდევ ორჯერ აიღეს ქართველთა კარი და შეხვედრა მათი გამარჯვებით 3:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მოასპარეზე მეკარეებს შორის, სტატისტიკურად, თამარ ნადირაშვილს 16 ბურთის აღება (Save) აქვს და ამ მონაცემებით ლიდერობს.