
ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთი მეწილის გიორგი გაჩეჩილაძის ინფორმაციით, მაესტროს დირექტორმა ბაია გადაბაძემ საქალქო სასმართლოს მიმართა განცხადებით, სადაც ის ტელეკომპანიის გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადებას ითხოვს.
"ქრონიკის" ინფორმაციით, გია გაჩეჩილაძემ მათთან საუბარში განაცხადა, რომ კომპანიაში პარტნიორთა კრება ჩატარდა, სადაც ერთ-ერთმა მეწილემ მაკა ასათიანმა მისგან აღებული კრედიტების დაუყოვნებლივ დაფარვა მოითხოვა, რის შემდეგაც პარტნიორებმა გადაწყვიტეს, რომ გაკოტრების შესახებ საქმე დაიწყოს.
მეწილეების ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება თავად გია გაჩეჩილაძე, რომელიც კომპანიის 25%-იანი წილის მფლობელია. მისი თქმით, ხდება კომპანიის მიზანმიმართული გაკოტრება იმისთვის, რომ შემდეგ ის აუქციონზე გაიყიდოს და უცხოელი მფლობელების ხელში აღმოჩნდეს:
„საბოლოო ჯამში ბოლომდე ვაპირებ ბრძოლას, რომ ეს არ მოხდეს. "მაესტროს" გაკოტრება არ შეიძლება, იმიტომ, რომ ამ ტელევიზიაში სისხლი და ხორცი მაქვს ჩანთხეული. ვერაფრით დავუშვებ, რომ უცხოების ხელში აღმოჩნდეს ტელევიზია", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფრომაციას არ ფლობს ტელეკომპანიის კიდევ ერთი მეწილე მამუკა ღლონტი. გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებია ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას.