
გურჯაანში, კოტეხის ღვინის ქარხანასთან, სადაც ყურძენს კახური ტრადიციული მეღვინეობა იბარებს, ყურძნით დატვირთული 100-ზე მეტი სატვირთო მანქანა უკვე მეორე დღეა რიგში დგას. საწარმოში ამ დროისთვის ყურძნის მიღების პროცესი შეჩერებულია. ამის შესახებ "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" იტყობინება.
როგორც მევენახეებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრეს, რიგები იმით არის გამოწვეული, რომ ქარხანა გვიანობამდე, გრაფიკის გარეშე მუშაობს და დღის პირველ ნახევარში თანამშრომლები ისვენებენ. მევენახეების თქმით, რიგში დგომისას ყურძენი უზიანდებათ და შესაძლოა წვენმა დუღილი დაიწყოს.
მათივე ინფორმაციით, ქარხანა ყურძნის ჩაბარებას 20:00 საათიდან განაახლებს.
„პატრონი არა გვყვავს, არა. წვენი გასდის, ყურძენი ოხრდება და არ იღებენ. ამბობენ, მარანი ჩვენია და როგორც გვინდა ისე უნდა გავაკეთოთო. დილას 11 საათზე შეწვიტეს მუშაობა და ჩვენ აქ ღამეებს ვათენებთ. 70 კაპიკს გვიხდიან, რაც არაფერია, მაგრამ რასაც გვიხდიან ეგ მოგვცენ და ნორმალურად დაცალონ მანქანები. ორი დღე რომ მანქანა აქ იდგმება, ის ყურძენი ყურძენიღაა?!“,- უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მევენახე თემურ ლათიბაშვილმა.
„წუხელ რომ იმუშავეს მუშები დაღლილები არიან და მერე დავიწყებთ მუშაობასო“,;
„ 8 საათს ველოდებით, რომ ქარხანა გახსნან. სამი დღე რომ ვიღაცის ყურძენი გიდევს პრობლემა არ არის?!;
„მთელი ღამე იმუშავეს და ეხლა ისვენებენ. ორი სმენა უნდა ჰყავდეთ და დღე და ღამე მუშაობდნენ“,- აღნიშნა ნოდარ ღონღაძემ.
„წვენი რომ გასდის ყურძენი გაცუდდება, დუღილს დაიწყებს მალე და დამჟავდება“.