
დღეს, 20 საათზე ზუგდიდში, ღვთისმშობლის შობის სახელობის მშენებარე ტაძართან შეკრებილი მრევლი, რომელთა შორის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ, ზუგდიდიდან ღვთისმშობლის კვართის ხობში, ერთი დღით შესაძლო გადატანას აპროტესტებდა.
შეკრებილებს შორის ისმოდა იდეა, რომ შეექმნათ "კვართის მოდარაჯეთა" მოხალისე ჯგუფები, რომლებიც სადღეღამისო რეჟიმში, მონაცვლეობით იმორიგევებდნენ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმთან, სადაც მართლმადიდებელ ქრისტიანთა სიწმინდე - ღვთისმშობლის კვართია დაცული.
მღელვარება "კარიბჭეში" გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ გამოიწვია, სადაც აღნიშნული იყო, რომ 21 სექტემბერს, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, კვართს ერთი დღით ხობის დედათა მონასტერში გადაიტანდნენ და ისევ უკან დააბრუნებდნენ. ამას გარდა, ხობის ხარების დედათა მონასტერში კვართის გადატანის ნებართვა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უკვე გასცა.
ზუგდიდში აცხადებენ, რომ კვართის გადატანას აუცილებლად მოჰყვება საპროტესტო აქციები. მათი თქმით, სიწმინდეს აქეთ-იქეთ არ უნდა ატარებდნენ, ხოლო რაც შეეხება კვართთან მიახლებას, ეს ისედაც ხდება ზუგდიდში წელიწადში ერთხელ, 15 ივლისს, ვლაქერნობის დღესასწაულზე: "მსურველები ამ დღეს მთელი საქართველოდან მოდიოან და ხობიდან გამოსავლელი 25 კილომეტრი რა გახდა, მობრძანდნენ და მიეახლონ, აქედან კვართს არ გავატანთ", - ამბობენ მრევლში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კვართის გატანა ზუგდიდიდან საკამათო ხდება. დაახლოებით 10 დღის წინ მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ გამოთქვა სურვილი, კვართი ერთი დღით გადაებრძანებინათ თბილისში, მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში, თუმცა, მის განცხადებასაც პროტესტი მოჰყვა ზუგდიდში, რის შემდეგაც საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომ ღვთისმშობლის კვართის გადატანა ზუგდიდიდან დაგეგმილი არ არის.