
ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურამ სასამართლოზე მთავარი მოწმე ავთანდილ ჭოლოკავა წარმოადგინა. ჭოლოკავას განცხადებით, მან თავდაცვის უწყებას უფასოდ იმ საქმის შესრულება შესთავაზა, რომელშიც სამინისტრომ რამდენიმე მილიონი გადაიხადა და რომლის გამოც მის რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს საგამოძიებო უწყება სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას ედავება.
უსასყიდლოდ და საჩუქრად თავდაცვის სამინისტროსთვის გადასაცემი მაგისტრალის დაცვას, უცხო ქვეყნის კონტროლისგან ავთანდილ ჭოლოკავა მის მიერვე შემუშავებული სისტემის საშუალებით აპირებდა. მოწმემ განაცხადა, რომ ბოჭკოვანი მაგისტრალის კაბელს რუსეთის ტერიტორიაზე უნდა გაევლო.
ჭოლოკავა ნასამართლევია და როგორც ის ამბობს ამით ამაყობს კიდეც. დღესვე მან კურიერთან დაადასტურა, რომ რუსულ სპეცსამსახურებთან გარკვეული თანამშრომლობა წლების წინ ჰქონდა, თუმცა, ამბობს, რომ ამაში პრობლემას ხედავს. მისი თქმით, ის ჯაშუში არ არის და 20 წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა.
სასამართლოზე მან თავად დაადასტურა, რომ სსრკ-ს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის სახლში მის მიერ აწყობილი კავშირგაბმულობის სისტემა სუკ-ის მე-9 განყოფილებამ ჩაიბარა.
ამ სკანდალთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" საკუთარ მოსაზრებას ჟურნალისტები და პოლიტიკოსები გამოთქვამენ. ერთერთია ირაკლი ტაბლიაშვილი, რომელმაც დაწერა:
"სამსვლიანი კომბინაცია დაგეგმა ГРУ-მ და შეასრულა კიდეც. ვინმე ჭოლოკავა 10 მილიონის მომსახურებას უფასოდ სთავაზობდა თავდაცვის სამინისტროს. თუ სამინისტრო დათანხმდებოდა, ხსენებულ ГРУ-ზე პირდაპირ იქნებოდა მიერთებული. თუ უარს იტყოდა, ჭოლოკავა კორუფციაზე გაახურებდა (რაც გააკეთა კიდეც) და ქვეყნის მთავრობაში ძვრებს გამოიწვევდა..."