-
2015-09-11 16:27
გურჯაანში, თელავი-გურჯაანის მაგისტრალზე მიმდინარე აქციაზე მევენახეებსა და პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლა და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის დარბევის კადრებს ტელეკომპანია "გურჯაანი" ავრცელებს.
დაპირისპირების დროს ოთხი ადამიანი დააკავეს, ხოლო აქციის რამდენიმე მონაწილეს სცემეს. აქციის მონაწილეები განსაკუთრებულ უხეშობაში ადანაშაულებდნენ პოლიციელ გიორგი ნასყიდაშვილს. ადგილზე იმყოფებოდა პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი კლიმიაშვილიც.
დაკავებულების სასამართლო პროცესი გურჯაანის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, მათ ბრალი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით ედებათ, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მევენახეები ადმინისტრაციული წესით სამართლდებიან. ამასთან, პოლიციის ინფორმაციით, ოთხი დაკავებულიდან ორს არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა დაუდასტურდა.
პარალელურად, მიმდინარეობს დაკავებულთა მხარდამჭერი აქცია, რომელმაც გურჯაანის გამგეობიდან გურჯაანის საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლა.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, აქციის მონაწილეები სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას გუშინდელ განცხადებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, ყურძნის არსებული ფასით გლეხი ასპროცენტიან მოგებას იღებს.
ამ დროისთვის თეთრი ყურძნის ფასი 60, ხოლო საფერავის 85 თეთრია. აქციის მონაწილეები კახეთში ოთარ დანელიას და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ჩასვლას ითხოვენ, პრემიერი კი ამ დროისთვის ჩინეთში იმყოფება.