-
2015-08-30 04:56
“პრაიმტაიმი“ ინგა გრიგოლიას „რეაქციისა“ და „იმედის კვირის“ დახურვის შესახებ ტვ „იმედის“ გადაწყვეტილებას რამდენიმე თემად აშუქებს და „იმედის“ ჟურნალისტების პირად საუბრებზე დაყრდნობით იმასაც წერს, რომ შესაძლოა, ინგა გრიგოლია ნანა ლეჟავამ ჩაანაცვლოს.
თავად ინგა გრიგოლია „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს, რომ გადაცემის დახურვის შესახებ არაფერი იცოდა და რომ არხმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, გრიგოლიას თქმით, გადაცემის სანაცვლოდ არხის ხელმძღვანელობამ მას „იმედის“ ვებ-გვერდზე დასაქმება ან პროდიუსერობა შესთავაზა:
"ორივე გადაცემა იყო მაღალრეიტინგული და ძალიან საინტერესო, შესაბამისად იმას არ მივიღებ რომ არხს აღარ სჭირდებოდა.ერთ-ერთი რომ დაეხურათ შეიძლება დამეჯერებინა რომ ფორმატის ცვლილებაა, მაგრამ ორივე ერთმანეთისგან განსხვავებულ პოლიტიკური ტოკ-შოუს როცა ხურავ მაქვს ეჭვი. მითუმეტეს ძალიან დიდ გამოცდილება მაქვს. ძალიან ვწუხვარ ეს ყველაფერი რომ მოხდა.
მე მინდა მათი კომენტარები მოვისმინო, ვინც მიშას დროს ჩემს ეთერში ისხდნენ და ამბობდნენ რომ რა ცუდია, როდესაც თავისუფალ სიტყვას ასე ექცევა ნაციონალური მოძრაობა, დღეს მე მინდა თითოეული მათგანის კომენტარი მოვისმინო, თუმცა ვეჭვობ რომ ვერ მოვისმენ.
ინგა გრიგოლიას თქმით, გადაცემის დახურვის შესახებ დღეს საღამოს გაიგო და ალტერნატივად, ვებ-გვერდზე მუშაობისა და პროდიუსერობის შემოთავაზებებიც მიიღო.
"ამ საღამოს მითხრეს, ამერიკაში ვიყავი წასული, სახელმწიფო დეპარტამენტის მედია პროგრამაზე დ იქ ვლაპარაკობდი სიტყვის თავისუფლებასა და მის ხარისხზე ჩვენს ქვეყანაში. ჩამოვფრინდი გუშინ და დღეს მითხრეს რომ დაიხურა გადაცემა, ნამდვილად არ ვიცოდი. უფრო მეტიც ჩემი პრომო, რომელიც ეთერში უნდა გასულიყო დღეს დამთავრდა. მითხრეს რომ თუ სურვილი მექნება შემიძლია ვიმუშავო ვებ-გვერდზე ან რომელიმე გადაცემის პროდიუსერად, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი ინტერესი ეს არ არის, პროდიუსერობას ვგეგმავ, მაგრამ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ვეჭვობ, რომ იმედზე აღარ.”, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ პრაიმტაიმთან საუბრისას.
„პრაიმტაიმი“ ტვ „იმედის“ ჟურნალისტებზე დაყრდნობით იმასაც წერს, რომ ინგა გრიგოლიას ნანა ლეჯავა ჩაანაცვლებს, თუმცა, თავად ლეჟავას პოზიცია ამ საკითხზე ცნობილი არ არის. აღსანიშნავია, რომ ნანა ლეჟავასთან დაკავშირებით ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მას დასაქმებას უპირებდნენ „რუსთავი-2“-ზე მას შემდეგ, რაც დაწყებული დავა ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყდებოდა, თუმცა, მაშინ ლეჟავამ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ტელევიზიასთან დაკავშირებული გეგმები ნამდვილად აქვს, მაგრამ ეს გეგმები „რუსთავი-2“-ს არ უკავშირდება.