
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის ოფიციალურ გვერდზე "ფეისბუქში" 16 ივნისს, თბილისის ტრაგედიიდან მესამე დღეს გამოქვეყნებული ვარსკვლავის გახსნისა და კონცერტის ამსახველი ფოტოები ჯერ გამოქვეყნდა, ინტერნეტმომხმარებელთა კრიტიკის შემდეგ კი წაიშალა.
ამასთან, გვერდზე ამ დრომდე დარჩენილია კომენტარები, რომელსაც გაღიზიანებული იუზერები წერდნენ ალბომის გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც გვერდის ადმინისტრატორმა მხოლოდ ორი ფოტო დატოვა, ხოლო ის ფოტოები, სადაც აცეკვებული ხელოვანების ფონზე აჭარის მთავრობის მეთაური იყო გადაღებული, წაშალა.
16 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიიდან მესამე დღეს, აჭარის მთავრობამ ბათუმელი მოცეკვავეების ვარსკვლავები გახსნა. გაიმართა ანსამბლ "ხორუმის" საანგარიშო კონცერტიც. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ვარსკვლავების გახსნის ცერემონიის გადადება შესაძლებელი იყო.
ამ კონცერტისა და ვარსკვლავების გახსნასთან დაკავშირებული საზეიმო განწყობის პარალელურად, ბათუმში მოქალაქეებმა სტიქიით დაზარალებულთათვის პროდუქტი, ტანსაცმელი და მედიკამენტები გაგზავნეს, ნაწილი კი მოხალისედ თბილისში გეგმავდა წასვლას.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, თბილისში სტიქიის დროს 19 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 5 დაკარგულად ითვლება. 15 ივნისი გლოვის დღე იყო, საქართველოს პარლამენტის სხდომა კი 16 ივნისს წუთიერი დუმილით დაიწყო.
ფოტოები, რომლებიც გამოქვეყნდა და წაიშალა: