15 წლის მოზარდი, რომელსაც დანით ჭრილობა გულმკერდში მიაყენეს, კლინიკა მედ ჯორჯიაში გარდაიცვალა - სამსაათიანი ოპერაციის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თვითმხილველების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ქვემო ფონიჭალაში, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბექა ოდიშარის მხარდასაჭერად გამართული კონცერტის დროს დაჭრეს, რაც კატეგორიულად უარყო თავად კანდიდატმა, რომელმაც თქვა, რომ შემთხვევა ზემო ფონიჭალაში მოხდა, კონცერტი კი ქვემო ფონიჭალაში ტარდებოდა.
თუმცა, არსებობს ვიდეომტკიცებულება, რომ შემთხვევა მართლაც იმ ადგილას მოხდა, სადაც კონცერტი ტარდებოდა. როგორც გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, შემთხვევის ადგილიდან კონცერტის სცენამდე დაახლოებით 40 მეტრია. ამას გარდა, „ფეისბუქზე“ დაღუპული მოზარდის მეგობრების პოსტებიც სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ ინციდენტი ბექა ოდიშარიას მხარდასაჭერად გამართულ კონცერტს უკავშირდება.
ფეისბუქზე გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ დაჭრილი მოზარდის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ სამედიცინო დაწესებულება ბლოკირებული იყო პოლიციელების მიერ, რათა ინციდენტი კონცერტის დასრულებამდე არ გახმაურებულიყო. ქვეყნდება ფოტო, სადაც პოლიციელთა სიმრავლე შეინიშნება. თვითმხილველები ამბობენ, რომ ალყა მხოლოდ მას შემდეგ მოიხსნა, რაც კონცერტი დასრულდა და მოზარდის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი.
პოლიციაში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მოწმეებისა და თვითმხილველების დაკითხვა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მოზარდი გარდაიცვალა, თუმცა პრესცენტრში აცხადებენ, რომ შემთხვევა კონცერტიდან მოშორებით მოხდა. საქმეზე გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო.
ტვ "აფხაზეთის ხმა", "ნიუსვოისი"