
ენაწყლიანი და იუმორით შეიარაღებული ყოფილი პრემიერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს ჟურნალისტების წინაშე გორში წარდგა: ზოგი წინანდელი შეცდომა და უზუსტობა მან ამ შეხვედრაზე გამოასწორა, მაგრამ ზოგი, უკვე ახალი - დაუშვა.
ტვ აფხაზეთის ხმის საინფორმაციო გამოშვება "ნიუსვოისმა" სიუჟეტი მოამზადა:
"კვაჭი კვაჭანტირაძე და ყვარყვარე თუთაბერი ძმები არიან. ძმები თუ არა, ნათესავები მაინც არიან დანიელ ორტეგა და პოლ პოტი, რომელმაც ინტელიგენცია ყელამდე მიწაში ჩაფლა და შემდეგ გააუპატიურებინა - რომ აერევა, ეს არაა ქართულში ტრაგედია, ტრაგედია მხოლოდ ცხრაწლიანი სისხლიანი რეჟიმი იყო - დიახ, სწორად მიხვდით, ეს მარგალიტები მედიასთან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრიდანაა, რომელსაც ასპარეზი ამჯერად გორში დაეთმო.
ტრადიციული შეხვედრა ტრადიციულად წინა ხელისუფლების და ნაციონალური მოძრაობის კრიტიკით დაიწყო და შესავლის დიდი ნაწილი სწორედ ამ თემას დაეთმო. იუმორის მოყვარულმა მოქალაქემ ჩვევას არც ამჯერად უღალატა, როცა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციით არა მარტო ჟურნალისტები, არამედ თვით წამყვანებიც კი გააოცა, მერე კი საკუთარ ნათქვამზე თვითონვე გულიანად გაეცინა.
საქართველოს პირველ მოქალაქეს წინადადებებში ხანდახან რუსული სიტყვები ეპარება, მაგრამ ეგ არაფერი. არ იცის, რომ ტუნელი რუსული სიტყვაა, სამაგიეროდ, სხვა ქართულ სიტყვას - ჯურღმულს შეუცდომლად ამბობს. პრობლემა არც კოჰაბიტაციის მნიშვნელობის არცოდნაა. მოკლედ, მთავარი სულ სხვა რამეა - ყველაფერი რაც გადაკეთებული და გადმოკეთებულია, რაც მიჭრილ-მოჭრილია, მაინც რუსთავი 2-ის ბრალი ყოფილა.
ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებით პოლიტიკოსებზე გავრცელებული იუმორი ახალისებს. გორში პაატა ბურჭულაძე გაახსენდა და თქვა, სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებო, ამიტომ იუმორი მოიშველია.
ჰო, კიდევ ერთი მთავარი არ გამოგვრჩეს: ყველა სიკეთესთან ერთად ქვეყნის ეკონომიკა განვითარების უმაღლეს დონეზე ავიდა და 4 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგებით ევროპაც გააკვირვა.
ერთ-ერთი მთავრი თემა ისევ იპოთეკარების საკითხი იყო, რომელსაც ყოფილი პრემიერი გასულ წლებში შველას ჰპირდებოდა, ახლა კი მხოლოდ თანაუგრძნობს. როგორც ჩანს, ამასაც გაგებით უნდა მოვეკიდოთ და იმასაც, რომ სანამ ბატონი ბიძინა გორში ჟურნალისტებს და მაყურებლებს აცინებდა, თბილისში ლიბერთი ბანკის ფილიალი დღეს ორჯერ, სხვადასხვა ადგილას დააყაჩაღეს.