სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ს დღეს 21 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით კომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა "ფეისბუქზე" სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისშემდგომი ერთი დღე გაიხსენა და თანამშრომლებს კომპანიის დაბადების დღე მიულოცა.
ის, რაც მეორე დილას მოხდა- ყველაზე ცუდ კოშმარშიც ვერ წარმოვიდგენდით. "კურიერი ეთერში არ გავიდა" - იმაზე არანაკლები სტრესი აღმოჩნდა მაყურებლისთვის, ვიდრე ჭურვების აფეთქების ექო, რომელიც ჯერ კიდევ ყურებში ჰქონდა ყველას.
რეკავდნენ, მოდიოდნენ, გვეკითხებოდნენ.... ძალიან დიდხანს არ გვაპატიეს, რომ მაშინ, დილის რვა საათზე ამბავი არ მოვყევით და ცხრამდე დავიცადეთ.
მაშინ- არა მანამდე და არა მერე- სწორედ იმ დილას მივხვდი ბოლომდე, სად და რატომ ვმუშაობ- და რომ ჩემი სამსახური უფრო მეტია, ვიდრე ან მე, ან ჩემს ნებისმიერ კოლეგას გვგონია.
უკვე 21 წელია ასეა. და კიდევ დიდხანს დარჩება ასე. მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ ისევ ვიქნებით თუ არა- ბევრი წავიდა, ბევრიც შემოემატა- რამდენიმე ცოცხალიც აღარ არის...
მაყურებელიც რუსთავი 2-თან ერთად გაიზარდა. ის, რომ ხარისხი, ხმა, განათება, შეფუთვა, პროდუქცია- გამორჩეულად კარგი უნდა იყოს- დღეს უკვე მოთხოვნაა და არა სურვილი. ბოლო 21 წელია ამ ტელევიზიაში მომუშავე ადამიანები ჯერ თვითონ ქმნიდნენ სტანდარტებს - მერე საკუთარი თავის ყველაზე მაგარი კონკურენტები ხდებოდნენ და ასე ცდილობდნენ ახალი სტანდარტის დამკვიდრებას.
ამ კატორღული შრომის ძალიან დიდი ნაწილი კადრს მიღმა რჩება. ასეც უნდა იყოს...მაყურებელს სხვა რამ აინტერესებს. უნდა რომ იცოდეს- ტელევიზორს რომ ჩართავს- "რუსთავი 2" ამბავს ისევ მოუყვება.
ყველას, ვისაც ერთი დღე მაინც უმუშავია რუსთავი ორში - იცის, რომ ეს არის მთავარი, რაც გვაერთიანებს.
ყველას, ვისაც ერთი დღე მაინც უმუშავია რუსთავი ორში - დღეს დაბადების დღე აქვს..."