
პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს
პრემიერმინისტრი რუსეთის ოფიციალური პირებისა და უგო ჩავესის შემდეგ პირველი
ოფიციალური პირია, ვინც ქართული სახელმწიფო 2008 წლის ომის ინიცირებასა და გაჩაღებაში
დაადანაშაულა.
როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტის სასახლის წინ შეკრებილ
ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს პრემირის ბიძინა ივანიშვილის მიერ ქართული მხარის
დადანაშაულება 2008 წლის ომის გაჩაღებაში, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის
ღვაწლის „ფეხქვეშ გათელვაა.“
„აქ იყო პრეზიდენტი კაჩინსკი, ამ სასახლეში. თქვენ იცით, როგორ დაგვიჭირა მან მხარი
2008 წელს და რამხელა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუხდა მას ამ მხარდაჭერისთვის.
ვფიქრობ, თუნდაც პრეზიდენტ კაჩინსკის ღვაწლის ფეხქვეშ გათელვაა ის, რაც გუშინ
განაცხადა პრემიერმინისტრმა, რომელმაც პირდაპირ დაადანაშაულა შეიაღებული ძალები და
ქართული სახელმწიფო 2008 წლის ომის გაჩაღებაში. არც ერთ ოფიციალურ პირს, 2008 წლიდან
მოყოლებული, გარდა, რუსული ოფიციალური პირებისა და გარდა უგო ჩავესისა, არასოდეს
დაუდანაშაულებია საქართველო ომის ინიცირებასა და გაჩაღებაში. ყოველთვის ამ ომის
ინიციატორად და აგრესორად გამოყვანილი იყო რუსეთი. მოხდა პირველი შემთხვევა, როცა
გამოჩნდა კიდევ ერთი ოფიციალური პირი, გარდა რუსებისა და ჩავესისა, რომელმაც ეს გააკეთა
და, ჩემდა სამწუხაროდ, ეს საქართველოს პრემიერმინისტრი აღმოჩნდა", - განაცახდა
სააკაშვილმა.
ტელევიზიებისა და გაზეთების ხელმძღვანელებთან გუშინდელი შეხვედრისას საქართველოს
პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის ზოგადად ომის
თემა ბურუსითაა მოცული. ივანიშვილის აზრით, აგვისტოს ომის დროს მაშინდელი
ხელისუფლება არაადეკვატურად მოიქცა. ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, პრეზიდენტის
გასამართლება უკულტურობა არ არის.