-
2015-05-31 23:38
"პრაიმტაიმნიუსის" ინფორმაციით, საქართველოსა და პორტუგალიის ცხრამეტ წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრების მატჩის დასრულების შემდეგ არქიმანდრიტმა ანთიმოზმა არბიტრს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც "აფხაზეთის ხმასთან" საუბარში თავად არქიმანდრიტი კატეგორიულად უარყოფს.
"პრაიმტაიმნიუსის" ინფორმაციით, ნასვამმა არქიმანდრიტმა არბიტრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა, სიტუაცია მალევე განმუხტეს და ნასვამი არქიმანდრიტი გარეთ გაიყვანეს. გამოცემა წერს, რომ შესაძლოა, ამ ფაქტის გამო საქართველოს უეფასგან მკაცრი საჯარიმო სანქციები მიიღოს.
სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს არქიმანდრიტი ანთიმოზი, რომელსაც კომენტარისთვის "აფხაზეთის ხმა" დაუკავშირდა:
"ეს არის გაზვიადება... არანაირი სიტყვიერი შეურაცხყოფა და გაწევ-გამოწევა არ ყოფილა, არც გასახდელში ვყოფილვარ, თუმცა, როცა გასახდელისკენ მიდიოდნენ, მსაჯს ორი სიტყვა ინგლისურად ნამდვილად ვუთხარი: არ გრცხვენია, მე ანთიმოზი მქვია და ანთიმოზ ივერიელი სადაც მოღვაწეობდა, იმ ქვეყნიდან ხარ-მეთქი (არბიტრი რუმინელი იყო, - რედ.)... ეს იყო სულ და მერე დაცვამ გამომიყვანა იმ ადგილიდან, არანაირი შევარდნა და ფიზიკური შეურაცხყოფა არ ყოფილა", - თქვა არქიმანდრიტმა ანთიმოზმა.
შეგახსენებთ, ანთიმოზ ივერიელი რუმინეთის ეკლესიამ 1992 წელს წმინდანად შერაცხა. დღეს თბილისში, საქართველოსა და პორტუგალიის ცხრამეტ წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრების შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
პირველი გოლი პორტუგალიელებმა მესამე წუთზე, თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანეს. არქიმანდრიტ ანთიმოზის პროტესტი არბიტრის მსაჯობას უკავშირდებოდა, რომელიც, სასულიერო პირის თქმით, მიკერძოებული იყო.