
თბილისის ზოოპარკში ცხოველების მომვლელი ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა. გულიკო ჭიტაძე რეანიმაციიდან ინტენსიური თერაპიის პალატაში გაწერეს. როგორც ცნობილია, მომვლელს ოპერაცია ჩაუტარდა, ვეფხვის თავდასხმის შემდეგ მას ერთი ზედა კიდურის ამპუტაცია დასჭირდა.
გულიკო ჭიტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ზზოპარკის ოფიციალური გვერდი "ფეისბუქზე" ავრცელებს:
„ჩვენი გულიკო უკეთაა. გონს გუშინ მოვიდა და დღეს უკვე პალატაში გამოწერეს. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჭრილობებს უმუშავებენ და შესაბამისი მკურნალობაც უტარდება. გადავეცით თქვენი კეთილი სურვილები. მოვუყევით, როგორ გულშემატკივრობთ, გვწერთ, კითხულობთ და აუჩუყდა გული...
ექიმები ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილები და თავად გულიკოც ყოჩაღადაა. თავისი პატარა აღსაზრდელები ენატრება. ნეტავ უჩემოდ როგორ არიან მარტა, ტროა და ევაო...“, - ნათქვამია განცხადებაში.