
"მაესტროს" გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ გრეგორი ლეპსის დაცვამ "მაესტროს" ჟურნალისტსა და ოპერატორს გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ პროდიუსერმა უარი თქვა ჟურნალისტის გამოშვებამდე მანამ, სანამ არ მოვიდოდა ის, ვინც მას პუტინის შესახებ კითხვის დასმა დაავალა.
გრიგორი ლეპსის პროდიუსერი ლელა ასლანიკაშვილი აცხადებს, რომ მომღერალიც და ორგანიზატორებიც კმაყოფილი არიან, რადგან დარბაზი სავსეა, ხოლო რაც შეეხება "მაესტროს", ასლანიკაშვილის თქმით, ამ ტელევიზიას დასჭირდა, კონცერტის ხარჯზე სკანდალი მოეწყო.
სპორტის სასახლესთან მისულმა "მაესტროს" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნინო ჟიჟილაშვილმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ამ დროისთვის ჟურნალისტი და ოპერატორი, რომლებსაც ასლანიკაშვილი და დაცვა გადაადგილებას უკრძალავდნენ და ოთახში ჰყავდათ ჩაკეტილი, თავისუფლები არიან.
"მაესტროს" ჟურნალისტი აცხადებს, რომ მომღერალი მისი მისამართით დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა, როცა "მაესტროს" ჟურნალისტმა ჰკითხა, ეთანხმებოდა თუ არა ის პუტინის პოლიტიკას. ცნობილი გახდა, რომ კონცერტის პროდიუსერი, სავარაუდოდ, მომღერლის დავალებით, ჟურნალისტს ამ ვიდეომასალის წაშლას სთხოვდა და სამსახურიდან გაგდებითაც დაემუქრა. ნინო ჟიჟილაშვილმა ამასთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება:
"ისიც ვიცი, რომ ჟურნალისტს უთხრეს, რომ ისიც და მისი პროდიუსერიც ამ თავხედობის გამო ტელეკომპანია "მაესტროს" დატოვებენ. არ ვიცი, ეს ვისი იმედით და ვისი ზურგით უთხრა მას პროდიუსერმა, მაგრამ მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ტელეკომპანია "მაესტროში" არავის გავლენა არ ვრცელდება, მით უმეტეს ვინმე ლეპსის", - ამბობს ჟიჟილაშვილი.
გრიგორი ლეპსის კონცერტის პროდიუსერის მიერ ჟურნალისტი და ოპერატორი 1 საათზე მეტხანს იყვნენ ჩაკეტილი ოთახში და გადაადგილების უფლება ეზღუდებოდათ.
ამ სკანდალს ხელი არ შეუშლია გრიგორი ლეპსის კონცერტის ანშლაგით მიმდინარეობისთვის, თუმცა, კონცერტის დამსწრეებს ე.წ. სირცხვილის კორიდორში მოუწიათ გავლა. შეგახსენებთ, რომ გრიგორი ლეპსის კონცერტის ორგანიზატორმა კომპანიამ წინასწარ გააფრთხილა ჟურნალისტები და მოითხოვა მათგან, რომ მომღერლისთვის პოლიტიკური კონტექსტის შემცველი შეკითხვები არ დაესვათ.