
ალექსანდრე ნეველის დღესასწაულთან დაკავშირებით წმინდანის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია პარალელურად, ქართულ და რუსულ ენებზე სრულდებოდა.
ტაძარში შეკრებილებს ქართულ და რუსულ ენებზე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, რომელმაც მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა. მრევლმა დღეს ტაძრის დაარსების 150 წლისთავიც აღნიშნა.
პატრიარქის თქმით, 1957 წელს, აქ მოხდა პირველად მისი ბერად კურთხევა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ მესამის დროს.
"ეს იყო მძიმე დრო. გრძელდებოდა სასულიერო პირთა დევნა. შევთხოვ უფალს, რათა ღმერთმა აქ მოღვაწე წმინდა მამების ლოცვებით დაამშვიდოს ჩვენი ცხოვრება და საქართველო და რუსეთი", - თქვა პატრიარქმა.
ტაძარში გამოფენილია ალექსანდრე ნეველის წმინდა ნაწილები და მორწმუნეებს მათი მოლოცვის შესაძლებლობა დღის ბოლომდე ექნებათ.
ალექსანდრე ნეველი ნოვგოროდის მთავარი იყო. იგი 43 წლის ასაკში აღესრულა. ის მძიმედ იყო ავად, სიკვდილის წინ კი ბერად აღიკვეცა. ალექსანდრე ნეველი წმინდანადაა შერაცხული.