
მარგველაშვილს ამბიციებს უღვივებენ და სასაცილო მდგომარეობაში ვარდება, ამის შესახებ ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ,,კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მარგველაშვილს იმხელა სასახლეც არ სჭირდება. მისი იქ გადასვლის გამო კი ქვეყანა 2-3 მილიონით მეტს ხარჯავს. ივანიშვილი აცხადებს, რომ ამ თემის ,,აწევას“ არ აპირებს, რადგან თვლის რომ მედია და საზოგადოება დაინტერესდება, რადგან ეს ეკონომიკური ხასიათის საკითხია.
"ცდილობენ, როგორმე დაიახლოვონ. ორი-სამი ადამიანი, თავს ექსპერტს რომ უწოდებს და რეალურად ელემენტარული ანალიზის უნარი არ აქვთ, მიეტმასნენ მარგველაშვილს (ადრე მთავრობაში იყვნენ და იქ თავიანთი ადგილი ვერ იპოვეს). თითქოს პრეზიდენტის ინსტიტუტის გამაგრებას ცდილობენ, რეალურად კი ერთი სამსახურს ეძებს, მეორეს თავისი ადგილი ვერ უპოვია, მესამეს კიდევ რაღაც უნდა...
ისინი დათვურ სამსახურს უწევენ მარგველაშვილს, ამბიციებს უღვივებენ და სასაცილო მდგომარეობაში ვარდება ქვეყანა და თვითონაც. პირველ რიგში ეს პრეზიდენტ მარგველაშვილის იმიჯს აზიანებს. ცალკე საკითხია სასახლის თემა. მე სპეციალურად არ ვაღვივებ ამას, ველოდები, რას იზამს საზოგადოება, მასმედია. ეკონომიკური ხასიათის კითხვებია. 16 ათასი კვადრატული მეტრის ფართობისაა სასახლე, მას (მარგველაშვილს) რეალურად სჭირდება 3 ათასი. ,16 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის სასახლე უკავია - გადაამრავლეთ, იმ უბანში ერთი კვადრატული მეტრის გირაობა რა ღირს და ნახავთ, რომ 2-3 მილიონი დოლარი ზედმეტი იხარჯება. მე არ მინდა ამის გაღვივება, თუმცა ეს ყველაფერი მიწყნარებულია იმის გამო, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ასე აწყობს", - განაცხადა ივანიშვილმა.