
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მედიის მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებს დიდ დროს დაუთმობს.
„ძალიან ხშირად მიმიღია საყვედური, რომ ვბედავდი და მედიას ვსაყვედურობდი, მაგრამ მედია ვერ იქნება ტაბუდადებული თემა.
მედიაში მომუშავე ადამიანები არიან ჩვეულებრივი ადამიანები - საზოგადოების წევრები და ისინიც უნდა ექვემდებარებოდნენ კონტროლსა და, თუ გნებავთ, კრიტიკას. როგორც ჩემ დროს, როცა ვახერხებდი კრიტიკული აზრი გამომეთქვა, ისე დღეს, თუკი დღევანდელი მთავრობიდან ამას ვინმე მოახერხებს, მიდის საშინელი აჟიოტაჟი, რომ ხდება მედიაზე ძალადობა და ა.შ.
რა თქმა უნდა, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მედია თავისუფალი იყოს ხელისუფლებისგან, მაგრამ ის, რომ ამ თემას ტაბუ დაადო - მედიას არ შეეხო და არ გააკრიტიკო, ეს ვერ მოხდება.
ახლავე ვაფრთხილებ ჟურნალისტებს, შეიძლება სპეციალური გადაცემა და საათებიც მივუძღვნა იმის ანალიზს, როგორია დღევანდელი მედია, ვინ არიან მეპატრონეები, თუ ჟურნალისტები. მე ამას არ მოვერიდები.
ეს განწყობა ახლავე მიიღონ და შეეგუონ ჟურნალისტები, რომ ისინი არ არიან რაღაც განსაკუთრებული ხალხი, არიან საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები, მათაც შეიძლება შეეშალოთ და იმ სურათს ნუ დახატავენ, რასაც სააკაშვილი აკეთებს, რომ არის პოლიტიკურად დევნილი", - აცხადებს ივანიშვილი.
ბიძინა ივანიშვილის აზრით, მედიისთვის ტაბუ - ყველაზე დიდი უბედურების მომტანი იქნება.
„ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმისთვის, რომ მედია გახდეს უკეთესი. თუ მას დაედო ტაბუ და მასზე მსჯელობა აიკრძალა, ვერ გავბედეთ, კრიტიკული შენიშვნები გამოვთქვათ, ეს იქნება ყველაზე დიდი უბედურების მომტანი.
სწორედ ეს იყო, რასაც მიაღწია სააკაშვილმა – კრიტიკა არ სურდა ამ კაცს, მთელი მედიის მობილიზება მოახდინა და მივიღეთ შედეგი, კატასტროფისკენ მიყავდა ჩვენი ქვეყანა", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.