
ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა კონსტიტუციაში ჩადო ნაღმი, რაზეც ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი დღეს ფეთქდება.
„მარგველაშვილი მარიონეტი არ არის, მას არაფერი შეუცვლია, ის რისთვისაც იბრძოდა, იმისთვის იბრძვის დღესაც.
მიშას მიერ ჩადებულ ნაღმზე, რომელიც მან კონსტიტუციაში ჩადო, სამწუხაროდ მთავრობაში ვიღაცები ფეთქდებიან.
მთავრობას აქვს თავისი ბოსტანი, პრეზიდენტს თავისი, პარლამენტს თავისი. არავინ არავის ბოსტანში არ უნდა გადადიოდეს. მე არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა მარგველაშვილს ერთხელ მაინც გადაელახოს თავისი უფლებამოსილებები.
ის არასდროს ჩარეულა მთავრობის და პარლამენტის კომპეტენციაში. მთავრობის მხრიდან კი იყო მცდელობები პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების", - აცხადებს ხუხაშვილი.
ექსპერტმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დროს მომხდარი ფაქტიც გაახმაურა.
„ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა იყო ინტერპრეტირებული კონსტიტუციით. იმიტომ, რომ ეს არ გადასულიყო გართულებებში, მან ნებაყოფლობით დათმო ეს უფლება და გადასცა პრემიერს.
ნაცვლად იმისა, რომ ეს მეორე მხარეს ადეკვატურად გაეგო, იქიდან წამოვიდა კომენტარები, რომ ეს არავის არაფერში არ სჭირდებოდა.
მარგველაშვილს ჰქონდა მცდელობა გამოსულიყო დაპირისპირების რეჟიმიდან, მაგრამ მეორე მხარემ განაცხადა, რომ ისინი აგრძელებენ ომს. ნამეტანი ძალაუფლება არავის არგებს, ამას ყველა მიჰყავს პოლიტიკურ სახრჩობელასთან", - აცხადებს ხუხაშვილი.