
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ გაეროში გამგზავრება და ქვეყნის წარმოჩინება გახდა ამხელა სპეკულაციის საგანი.
"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილი და მისი თითოეული შეფასება. სამწუხაროა, რომ გაეროში გამგზავრება და ქვეყნის წარმოჩინება გახდა ამხელა სპეკულაციის საგანი. მე ვკითხე პრეზიდენტ ალიევს მიემგზავრებოდა თუ არა იგი გაეროში. მან მითხრა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავს და აგზავნის მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩემი გაეროში წასვლის აუცილებლობა გაჩნდა იმიტომ, რომ თვეების განმავლობაში მქონდა სამზადისი გაეროში ვიზიტთან დაკავშირებით, მქონდა მოლაპარაკებები და ვარ გაეროში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი.
მე მოვისმინე დამაბნეველი განცხადებები სხვადასხვა პიროვნებებისგან, თითქოს გაეროს ასამბლეა არის მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურების შეკრების ადგილი, რაც აბსოლუტური ტყუილია. მოსაწვევში წერია, რომ ეს არის ან სახელმწიფოს, ან მთავრობის მეთაურების შეკრების ადგილი, იმის მიხედვით, როგორ არის მოწყობილი ესა თუ ის სახელმწიფო. დღეს მე მხოლოდ ვფიქრობ იმ საქმეებზე, გაჭირვებასა და პრობლემებზე, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა. ჩვენი მოსახლეობა დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია, ვინაიდან ჩვენი მთავარი გამოწვევა დღეს სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური განვითარებაა,"–აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა პრემიებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაზე და განაცხადა, რომ მაღალი პრემიების გაცემა მთავრობის რეალური შეცდომა იყო, თუმცა ეს პრობლემა გამოსწორდება ახალისისტემის მეშვეობით.