
NDI-ის წინა კვლევასთან შედარებით, დაიკლო ხელისუფლების წარმომადგენელთა მოწონების მაჩვენებელმა. ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა, დაკლებულია ასევე ყოფილი პრემიერმინისტრის მოწონების მაჩვენებელიც: ივანიშვილი ადრინდელ კვლევაში 74%-ს მოსწონდა, ახლა კი მხოლოდ 51%-ს მოსწონს.
ნოემბერთან შედარებით 7%-ით ნაკლებს მოსწონს მოქმედი პრემიერმინისტრი და მისი ამჟამინდელი მაჩვენებელი 64%-ია, 4%-ით დაიკლო დავით უსუფაშვილის რეიტინგმა და 61% შეადგინა, 9%-ით ნაკლებს - 51 %-ს მოსწონს ნოემბრის მაჩვენებლებთან შედარებით კახა კალაძე.
რაც შეეხება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, მისი მოწონების რეიტინგი 72%-დან 46%-დე დავიდა.
მატება აღინიშნება ოპოზიციის წარმომადგენელთა მოწონების რეიტინგში. ასე მაგალითად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე რესპონდენტთა 51%-ს მოსწონს, მაშინ როცა ნოემბერში მოსწონდა გამოკითხულთა – 48%-ს; შალვა ნათელაშვილი მოსწონდა 34%-ს და ახალი კვლევის მიხედვით კი გამოკითხულთა 44%-ს მოსწონს. 21%-დან 25%-მდეა გაზრდილი ჯონდი ბათაღურიას მოწონების რეიტინგი.