
უკრაინის შს მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ "პოდრობნოსტი" იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, ეკა ზღულაძემ გადადგომა გადაწყვიტა და განცხადებაც დაწერა, თუმცა, მინისტრთან არ შეუთანხმებია.
"ჩვენი ინფორმაციით, ავაკოვი ეცდება, ზღულაძე დაარწმუნოს, რომ უნდა დარჩეს", - წერს გამოცემა. "პოდრობნოსტის" თქმით, ეკა ზღულაძის უკმაყოფილება პოლიციის რეფორმირების გაჭიანურებამ გამოიწვია.
უფრო კონკრეტულად, შს მინისტრის პირველი მოადგილე უკმაყოფილოა იმით, რომ კორუმპირებული მოსამართლეები სამსახურში აბრუნებენ ძველ მილიციონერებს, ახლების აყვანა კი დროში იწელება.
ამავე გამოცემის ინფორმაციით, გადადგომისთვის ემზადება კიდევ ერთი "ქართული გუნდის" წევრი - ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე.