-
2014-12-07 01:15
საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გენერალ კაზიმირ პულასკის სახელობის "თავისუფლების რაინდის" წოდება და ჯილდო მიანიჭეს.
ვარშავაში მოქმედმა "კაზიმირ პულასკის ფონდმა" საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს "თავისუფლების რაინდის" ჯილდო მიანიჭა. გენერალ პულასკის ფონდი "თავისუფლების რაინდის" ჯილდოს ყოველწლიურად გადასცემს თავისუფლების, სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში განსაკუთრებული ღვაწლის გამღებ ცნობილ ადამიანებს.
"თავისუფლების რაინდის" წოდებასა და ჯილდოსთან ერთად დაჯილდოვებულებს გადასცემენ გენერალ პულასკის საზეიმო ხმლის ასლს, სწორედ ისეთს, როგორსაც ატარებდა პოლონელებისა და ამერიკელების თავისუფლებისთვის მებრძოლი, ამერიკის დამოუკიდებლობისთვის ომში კონტინენტური არმიის გენერალი კაზიმირ პულასკი, რომელსაც "ამერიკის კავალერიის მამას" უწოდებენ.
სხვადასხვა დროს გენერალ პულასკის სახელობის "თავისუფლების რაინდის" ჯილდო გადაეცათ პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ ვალესას, პოლონეთის პრეზიდენტ ალექსანდრ კვასნევსკის, ლიტვის პრეზიდენტ ვალდას ადამკუსს, ლატვიის პრეზიდენტ ვაირა ვიკე-ფრეიბერგას, აგრეთვე ჰავიერ სოლანას, ბერნარ კუშნერს, რიჩარდ ლუგარს. დღეიდან ამ საპატიო სიას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაემატა.


