-
2013-08-01 18:43
კრიმინოგენურ სიტუაციასთან დაკავშირებით საქსტატისგან განსხვავებულ სტატისტიკას აქვეყნებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
უწყება აცხადებს, რომ 6 თვის შედეგების თანახმად, დანაშაულის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით 3300 ერთეულითაა შემცირებული, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 52%-ია, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 24% იყო:
"სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები ივნისის თვეში დევნის დაწყების მაჩვენებლის შესახებ არ ასახავს ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური სიტუაციის რეალურ სურათს.
აღნიშნული გასაჯაროებული მონაცემები მხოლოდ პროკურატურის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, რომელიც მხოლოდ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მონაცემებს მოიცავს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დანაშაულს სრულად ითვლის.
სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის როგორც პირველ კვარტალში, ასევე 6 თვის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებული იქნა სტატისტიკური მონაცემები. 6 თვის შედეგების თანახმად, დანაშაულის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით 3300 ერთეულით არის შემცირებული, გახსნის მაჩვენებელი კი 52%-ია, როცა წინა წლის იმავე პერიოდში მხოლოდ 24% იყო. ეს იმ ფონზე, როცა 14 ათასი პატიმარია გათავისუფლებული", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.