
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და მთავრობას პრობლემების გადაწყვეტის მიზნით ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა:
„მინდა მოგმართოთ იმ საგანგაშო ეკონომიკურ მონაცემებთან დაკავშირებით, რომელიც გამოაქვეყნა „საქსტატმა“, პირველად მრავალი წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკა გადავიდა რეცესიაში, ესე იგი საქართველოს ეკონომიკა მცირდება. წინა თვეებში ჩვენ გვქონდა სტაგნაცია, ახლა გვაქვს რეცესია,
საქართველოს არ აქვს უფლება, რომ ეკონომიკა მცირდებოდეს, იმიტომ , რომ ამაზე დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის არსებობა და ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური კეთილდღეობა.
ჩვენ წელს ვვარაუდობდით 11 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას და ამის ყველა საფუძველი არსებობდა. მსოფლიო რეკორდია 11 პროცენტიანი ზრდის მინუსებში გადაყვანა, მე ამის მაგალითებს, თუ არა ომის სიტუაციისა ვერ ვიხსენებ ვერცერთ სხვა ქვეყანაში და ეს არის არაკომპეტენტურობის და მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომების შედეგი. პრობლემა ექმნება ეკონომიკურ ზრდას და ეს მხოლოდ ციფრები არ არის, ამას ხალხი გრძნობს ყოველდღიურად, ბიზნესები მცირდება, საცალო ვაჭრობაში სერიოზული პრობლემებია, პრობლემები აქვს ბიუჯეტს.
ბიუჯეტში დაიწყო დიდი გარღვევა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალ წელს ჩვენ გვექნება პენსიების და ხელფასების დარიგების პრობლემა. ის, რაც შევარდნაძის შემდეგ, ჩვენს ეკონომიკას და ჩვენს ქვეყანას აღარ ახსოვს.
იმის გამო, რომ პრობლემებია ასევე ენერგეტიკაში, წელს შეიძლება გარკვეული პრობლემები შეიქმნას დენზე გადახდის თვალსაზრისით, დენის იმპორტის თვალსაზრისით. ამგვარად სიტუაცია არის მართლაც საგანგაშო.
მე მსურს ვუთხრა ჩვენს ხალხს, ის დაპირება რასაც პრემიერი გაძლევთ, შემდგომ რაღაც ფონდებთან დაკავშირებით, სრულიად არარეალისტურია და არ გეუბნებიან სიმართლეს, იმიტომ, რომ ამ ფონდებით ეკონომიკის გამოსწორება არა მხოლოდ შესაძლებელი არ არის, არამედ ისინი შემდგომ ზიანს მოუტანენ ეკონომიკას.
მსურს პრემიერ-მინისტრს მოვუწოდო, კიდევ ერთხელ, თავისი ფული პირდაპირ ჩადოს ეკონომიკაში, განაახლოს შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად თბილისის შემოვლითი რკინიგზის გზა, რომელშიც უკვე დავხარჯეთ 200 მილიონი, რომელიც თბილისისთვის, საქართველოს დედაქალაქისთვის, მაცხოვრებლებისთვის, არის მეორე სუნთქვის გახსნა, ცხოვრების გაუმჯობესების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით.
განაახლონ პორტის მშენებლობა, რომელიც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია და შეწყვიტონ მავნე კანონების განხილვა პარლამენტში, იმიტომ, რომ ესეც პირდაპირ ურტყავს ეკონომიკას.
უნდა გადაიხედოს რევანშიზმის პოლიტიკა, იმიტომ, რომ რევანშიზმის პირობებში საქართველოში არავინ არ ჩადებს ფულს, რევანშიზმი გამოიხატება იმაში, რომ ყველა ჩვენი პროექტი ჯინაზე შეჩერდა, ახალი პროექტები აღარ იწყება და ასე მიდის ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიები დაჭერების თვალსაზრისით.
ჯერჯერობით საქართველოს ეკონომიკა სულდგმულობს, ჩვენ მიერ დატოვებული რამდენიმე მილიარდით და ჩვენ მიერ დატოვებული ტურიზმით.
დღევანდელი მთავრობა რომ დამცინოდა მე პირადად რატომ ვლაპარაკობდი ტურიზმზე, ხომ ხედავთ, რომ ერთადერთი რაც აცოცხლებს ეკონომიკას ეს არის ტურიზმი, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეწყვიტოს ტურიზმის რეკლამირება საერთაშორისო არხებზე, რაც მომავალ წლებში დაარტყავს ასევე ტურიზმსაც.
იმის ფონზე, რომ დადნება ეს ჩვენს მიერ დატოვებული ფული, რომელიც იყრება უაზრო პროექტებში.
ამიტომ, ახლა როგორც არასდროს საჭიროა ყველა ერთად დავსხდეთ და გავაკეთოთ ისე, რომ საქართველოს ეკონომიკა არ ჩამოიშალოს. იმიტომ, რომ ეს იქნება საქართველოსთვის ძალიან დიდი საფრთხის მომტანი.
მე ჩემს დარჩენილ საპრეზიდენტო ვადაში მზად ვარ, რომ ვიმუშაო მთავრობასთან, არსებულ გუნდთან, მივცეთ რჩევები, საერთაშორისო არენაზე გავუკეთო რეკლამა როგორც აქამდე ვაკეთებდი, იმისათვის რომ ამუშავდეს ჩვენი ეკონომიკური მექანიზმი.
იმიტომ, რომ თუ ეს არ მოხდა, ამას ექნება გრძელვადიანი დამანგრეველი შედეგები საქართველოსთვის და ამის თავიდან აცილება ჯერკიდევ შესაძლებელია, ჯერკიდევ გვიან არ არის, მაგრამ ამისათვის საჭიროა ყველანი ერთად დავსხდეთ, სერიოზულად მივიღოთ ეს საფრთხე, ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები ამ საფრთხის გამოსასწორებლად და ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.