"სტალინის ძეგლის აღდგენა, ეს არის სულში ჩაფურთხება გორში დაღუპული ქართველებისთვის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, იორასლავ კაჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე:
"მე დღეს დილით ვნახე, რომ საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება, ქალაქ გორში იოსებ სტალინის ძეგლის დაბრუნების შესახებ. რა იყო იოსებ სტალინი საქართველოსთვის, ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს:
1921 წელს, როცა ვლადიმერ ლენინიც კი, სისხლისმსმელი ვლადიმერ ლენინიც კი, იყო წინააღმდეგი საქართველოს დაპყრობის, იოსებ სტალინის დაჟინებული მოთხოვნით, მეთერთმეტე არმია შემოვიდა საქართველოში და წერტილი დაუსვა საქართველოს დამოუკიდებლობას, იოსებ სტალინმა ჩამოაჭრა საქართველოს მიწები და გადასცა სხვა საბჭოთა ქვეყნებს, საუკეთესო ქართული მიწები, ქართველი მოსახლეობით, იოსებ სტალინმა შექმნა ხელოვნურად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. ავტონომიები, ის ნაღმები, რომლებიც ჩვენ აგვიფეთქდა დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იოსებ სტალინის ძეგლის აღდგენით შეიბღალება იმ ქართველი გმირების ხსოვნა და ღირსება, რომლებიც გორში, ომის დროს დაიღუპნენ: "იოსებ სტალინმა ჩაიდინა წარმოუდგენელი დანაშაული ქართველი ხალხის წინააღმდეგ, სტალინის ძეგლის აღდგენა წარმოუდგენლად ბარბაროსული და ანტიქართული აქტი, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა, იმიტომ, რომ ეს აქცევს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში, იმიტომ, რომ შესაძლებელია, მთელი დემოკრატიული სამყაროს, რომლის დასაცავებიც ვართ, დასაცინები გავხდეთ, გორში, სადაც იბომბებოდა ქართველი ხალხი, სტალინის ძეგლის აღდგენა, ეს არის სულში ჩაფურთხება იქ დაღუპული ქართველებისთვის, ჩვენი გამოყრილი ადამიანებისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდა გადახედოს იოსებ სტალინის ძეგლის აღდგენის გადაწყვეტილებას: "მე მსურს მოვუწოდო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, შეეშვას ბავშვურ თამაშებს, რომ ის არ იღებს ამ გადაწყვეტილებებს, საქართველოში თუ ვინმეს სურს ამის დაჯერება, ეს მათი პრობლემაა, მე ჯერჯერობით არ ვარ სულელი და ძალიან კარგად ვიცი, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს ამ მთავრობაში, გადახედოს ივანშვილმა ამ ბრიყვულ გადაწყვეტილებას, ეს არ არის ის, რაც წაადგება საქართველოს საქმეს", - აღნიშნა სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა იორასლავ კაჩინსკი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.