-
2013-07-24 19:40
ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე აცხადებს, რომ ის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელს ვახტანგ ხმალაძეს და მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს უსმენდა.
როგორც ჯორბენაძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თვალთვალი თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსნის, მალხაზ გაჩეჩილაძის დავალებით ხდებოდა, რომელიც ამჟამადაც აღნიშნულ თანამდებობაზეა.
"მალხაზ გაჩეჩილაძის დავალებით მე ვახორციელებდი მოსმენას და აუდიო-ვიდეო გადაღებას "ქართული ოცნების" დიდუბის ორგანიზაციაში, ვახტანგ ხმალაძის ოფისში, სადაც იურიდიულ სამსახურში ვიყავი, ასევე ვახორციელებდი ამჟამინდელი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის მოსმენას და თვალთვალს. თვალთვალი ხდებოდა 2012 წლის თებერვლიდან, ოქტომბრამდე და ევალებოდა ყველა ინფორმაცია მიეწოდებინა თავდაცვის სამინისტროსთვის.მე კი ამის შესახებ ინფორმაცია არჩილ კბილაშვილსაც მივაწოდე", - აცხადებს ჯორბენაძე.