
ამერიკის შეერთებულ შტატებში მომუშავე ქართველი ექიმები, ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული საქართველოში ვაქცინაციის პროცესს და ტრაგიკულ შემთხვევას - 27 წლის ექთნის ანაფილაქსიური შოკით დაიღუპის ფაქტს ეხმაურებიან."
ვაქცინაციის პროცესი მრავალი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემებით დაიწყო. ამ პროცესის დაყოვნებას, არასრულყოფილად წარმართვას და ჩაშლას უზარმაზარი უარყოფითი შედეგის მოტანა შეუძლია ქვეყნისათვის, რაც არაერთი ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და სოციალურ კეთილდღეობას შეიწირავს.მოგეხსენებათ, საქართველოში ამჟამად შემოტანილ "ასტრაზენეკას" ვაქცინას უკავშირებენ თრომბოზების გარკვეულ რისკს; მიუხედავად იმისა, რომ ობიექტური მონაცემების თანახმად, ჯერჯერობით, ეს ვერ დამტკიცდა, რაც ევროპის წამლების სააგენტომ ოფიციალურად დაადასტურა. შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესი განახლდა ევროპის წამყვან ქვეყნებში.მანამ კი, სანამ საბოლოო დასკვნა დაიდება, არსებული მონაცემების გათვალისწინებითა და გაანალიზებით ჩვენ ვფიქრობთ,კარგი იქნება , დაემატოს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეკითხვა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს წინასწარ გამოვყოთ მაღალი პროთრომბოზული რისკების მქონე ადამიანები და მათი ვაქცინაცია ამ რისკების გათვალისწინებით დაიგეგმოს. ცხადია, პროთრომბოზული რისკ-ფაქტორების არსებობა არ ნიშნავს, რომ ადამიანთა ამ ჯგუფის აცრა არ შეიძლება.
შესაძლებელია ვაქცინაციის პროცესისათვის შექმნილ კითხვარს დაემატოს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეკითხვა, რაც დაგვეხმარება შესაძლო თრომბოზული გართულების რისკების მქონე ადამიანების წინასწარ გამოცნობაში და შესაბამისი ზომების მიღებაში.
ჩვენი აზრით, პრევაქცინაციურ სკრინინგს უნდა დაემატოს შემდეგი კითხვები:
1. ხომ არ გაქვთ ვენური და არტერიული თრომბოზების პერსონალური ისტორია?
2. ქალებში - ხომ არ გქონდათ წარსულში სპონტანური აბორტის ისტორია (სპონტანური აბორტები ხშირად მიუთითებს ჰიპერკოაგულაციური რისკების მაღალ ალბათობაზე)?
3. ქალებში - ხომ არ იტარებთ ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულ თერაპიას?
4. ხომ არ იტარებთ ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიას (იგულისხმება ნაადრევი მენოპაუზისას გამოყენებული ჰორმონული თერაპია)?
5. ხომ არ გაქვთ დადგენილი ავთვისებიანი სიმსივნე და იტარებთ თუ არა ქიმიოთერაპიას ამჟამად (წარსულში მსგავსი პრობლემა, რომელიც ამჟამად რემისიაშია, რისკ-ფაქტორს არ წარმოადგენს)?
6. უახლოესი პერიოდის განმავლობაში, ხომ არ იყავით იმობილიზირებული რაიმე მიზეზით (ტრავმა, ქირურგიული ჩარევა, ჰოსპიტალიზაცია)?
7. ხომ არ გაქვთ სისხლის უკვე ცნობილი თანდაყოლილი პათოლოგიები (ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, ლეიდენის შედედების მეხუთე ფაქტორის მუტაცია, „C“ პროტეინის დეფიციტი, „S“ პროტეინის დეფიციტი, ანტითრომბინის დეფიციტი)?
ამ შეკითხვებზე დადებითი პასუხების შემთხვევაში, ასაცრელი პირი შეიძლება (და უნდა) დამატებით გამოიკითხოს თრომბოზული რისკების შემცველი დაავადებების კლინიკურ გამოვლინებებზე და მხოლოდ ინდივიდუალურად მორგებული გადაწყვეტილების საფუძველზე, განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით დაიგეგმოს მათი ვაქცინაცია," - აცხადებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში მომუშავე ქართველი ექიმები.