-
2021-03-18 15:24
სახის და სხეულის მოვლა ადამიანისთვის ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილია. ხანგრძლივი და ცივი ზამთრის შემდეგ კანი მართლაც საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. გაუხეშებული, ფერმკრთალი, არათანაბარი ფერის კანი, დახეთქილი ტუჩები... სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. ამის მთავარი მიზეზი კი მკვეთრი ტემპერატურული ცვლილება შეიძლება აღმოჩნდეს. სეზონის ცვლასთან ერთად, საჭიროა, ნელ-ნელა გავაღვიძოთ მოდუნებული კანი და შევძინოთ მას მეტი ელასტიურობა.
„კანის დატენიანება“
ზამთარში ბევრი ქალი უპირატესობას ზეთოვან კოსმეტიკურ საშუალებებს ანიჭებს. ეს კანს სიცივისგან დაზიანებისგან იცავს, თუმცა გაზაფხულზე უმჯობესია, თუკი აქტიურად გამოიყენებთ მზისგან დამცავ და დამატენიანებელ კრემებს ნაკლებზეთოვანი ტექსტურით. ამაში კი ჰიალურონის მჟავა დაგეხმარებათ, ის ხელს შეუწყობს კანის თითოეული ფენის ღრმად დატენიანებას და ბუნებრივი სტურქტურის აღდგენას.
„კანის წმენდა“
იმისთვის, რომ გაზაფხულისთვის კანი უფრო მეტად ერთგვაროვანი, სუფთა და სასიამოვნო გახდეს, პილინგი საუკეთესო საშუალებაა. ის ეფექტურად აშორებს მკვდარ და გამომშრალ უჯრედებს, რაც კანს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას აძლევს.
„ვიტამინებით კვება“
გაზაფხულზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანის მეტაბოლიზმზე ზრუნვა და მისი განმტკიცება ანტიოქსიდანტების საშუალებით, რომლებიც დაიცავს თქვენი კანის ზედა შრეებს დაზიანებისგან. ეფექტური ანტიოქსიდანტებია A, C, E ვიტამინები. ამ ფუნქციით ხშირად გამოიყენებენ მწვანე ჩაისაც.
„მზისგან დაცვა“
ხანგრძლივი და სუსხიანი ზამთრის შემდეგ გაზაფხულის მზის სხივები საკმაოდ ინტესიურია და ამ პერიოდში მზისგან დამცავ კრემზე უარის თქმა თქვენს კანს კარგს არაფერს მოუტანს. მოუმზადებელი კანისთვის მზის ძლიერ ზემოქმედებას შეუძლია ნაადრევი დაბერების გამოწვევა, ნაოჭების გაჩენა და კანის დამწვრობაც კი. ამიტომ აუცილებელია გაზაფხულის პერიოდში მზისგან დამცავი კრემების გამოყენება.