-
2014-03-12 11:38
იმ შემთხვევაში, თუ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში შევა, საქართველო მიიღებს მაპს უკვე სექტემბერში დაგეგმილ სამიტზე და ეს გარდაუვალია - ამის შესახებ რუსული პრესა აშშ-ს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
სტატია ამის შესახებ თავდაპირველად „კომერსანტმა“ გამოაქვეყნა, 12 მარტს კი „ნიუსრუ.ქომ“, უკეთებს რა ანალიზს სიტუაციას, სწორედ „კომერსანტის“ წყაროს ეყრდნობა და წერს:
„რუსეთის ქმედებებმა უკრაინაში აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის გაფართოების შესახებ დისკუსია კვლავ აქტუალური გახადა. თბილისისათვის ნატოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ ის ქვეყნებიც, კი რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ ამ პროცესის ფორსირების წინააღმდეგნი იყვნენ.“ - განუცხადა „კომერსანტს“ ნატოს მაღალჩინოსანმა.
„ნიუსრუ“ სვამს კითხვას - რამდენად აძლევს ხელს მოვლენების ამგვარად განვითარება თავად საქართველოს ახალ ხელისუფლებას:
„აქვს თუ არა საქართველოს ახალ ხელისუფლებას ასეთი სურვილი - საკამათო საკითხია. ჯერაც გაურკვეველია, ღარიბაშვილის განცხადებებში აშშ-ის მხრიდან საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერის შესახებ „პროგრესული“ ელექტორატის შენარჩუნების სურვილი იმალება თუ ის ნამდვილად აპირებს რუსეთის გეოპოლიტიკურ ოპონენტებთან დაახლოებას“, - წერს გამოცემა და წინა პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილს იხსენებს, რომელიც ორ გავლენის სფეროს შორის ბალანსირებას ცდილობდა.