
უკრაინის რადის დეპუტატი დავით ჟვანია ყირიმიდან წერს, რომ სიტუაცია ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. წერილს, რომელსაც უამრავი გაზიარება აქვს, დათო ჟვანია პუნქტობრივად აყალიბებს.
დეპუტატი წერს, რომ 16 მარტის რეფერენდუმის სედეგები ისეთი იქნება, როგორი წინასწარი მოლოდინიც არსებობს. ის მოუწოდებს კიევს, ყურადღება მიაქციოს უკრაინელ სამხედროებს ყირიმში, რომლებსაც მოიხსენიებს, როგორც გმირებს.
„ყველანაირად უნდა დაფასდნენ ისინი და ერთი დღე ერთ თვედ ჩაეთვალოთ, მაგალითად“, – წერს დეპუტატი.
ამავე დროს, ჟვანია წერს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ნახევარკუნძულზე დღითიდღე უარესდება და იმის გამო, რომ აქ თითქმის ყველაფერი მატერიკული უკრაინიდან შემოდის, ეს კავშირი კი, შესაძლოა, სატრანსპორტო კავშირის შეწყვეტასთან ერთად შეწყდეს, ყირიმში „სამრეწველო პანიკას“ წინასწარმეტყველებს და წერს, რომ ოფიციალური კიევი მზად უნდა იყოს ყირიმიდან ათასობით დევნილის მისაღებად.
დავით ჟვანია წერს, რომ სავარაუდოდ, უკრაინული ბანკებიც უარს იტყვიან ყირიმის ნახევარკუნძულზე თავიანთი საბარათე პოლიტიკა გააგრძელონ, ხოლო სატრანსპორტო მიმოსვლა შეწყდება და ნახევარკუნძულზე გაუარესდება კრიმინალური ვითარება. ასევე, მისი ვარაუდით, რაც დრო გავა, უფრო და უფრო დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდებიან უკრაინის ერთგული მოსახლეები.
დეპუტატის აზრით, ყირიმისთვის უკრაინას ძალიან ხანგრძლივი და ძალიან რთული ბრძოლა ელის.
„აქ უკვე დნესტრისპირეთია (აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი), ასე რომ, ნუ ვიკვებებით ილუზიით – სპეცოპერაცია შედგა. ნურაფერს ვიტყვით საერაშორისო სამართლებრივ ნორმებზე – ისინი აქ არავის უნდა...“, აღნიშნავს დავით ჟვანია.