
სიაში, რომელსაც ხელს აწერენ რუსეთის ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და რომელიც თან ერთვის უკრაინისა და ყირიმის მიმართ რუსეთის პოლიტიკის მხარდასაჭერ წერილს, ქართველებიც არიან.
კონკრეტულად, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მხარდაჭერას უცხადებენ მოქანდაკე ზურაბ წერეთელი და ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძე.
"იმ დღეებში, როდესაც ყირიმის და ჩვენი თანამემამულების ბედი წყდება, რუსეთის კულტურის მუშაკები ვერ იქნებიან პროცესების გულგრილი დამკვირვებლები ცივი გულით.
ჩვენი საერთო ისტორია, ფესვები, კულტურა და მისი სულიერი წარმომავლობა, ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები და ენა სამუდამოდ გვაერთიანებს.
ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი ხალხების ერთიანობას და კულტურას ძლიერი მომავალი ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ მტკიცედ ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოზიციას უკრაინასთან და ყირიმთან დაკავშირებით", – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც სრულად „იზვესტიამ“ გამოაქვეყნა.