
"ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რამდენად დიდი ეკონომიკური პრობლემებია ქვეყანაში და რამდენად სასწრაფოა ეკონომიკური გადარჩენის გეგმის წარდგენა და განხორციელება. მისივე თქმით, გეგმა, რომელიც საზოგადოებამ მოისმინა, სრულიად არასაკმარისია, მოსახლეობის დახმარებისა და ქვეყნის ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანისთვის. თუმცა, მისივე თქმით, ეს არასაკმარისი გეგმაც კი არ სრულდება. როგორც ბაქრაძე აცხადებს, ხელისუფლება ვერ ან არ არის მზად ადეკვატურად უპასუხოს ეკონომიკურ გამოწვევას.
"ახლა გვესმის, რომ თურმე მომავალი კვირის განმავლობაში უნდა დაიწყოს პრეზენტაციები. შემდეგ ამ პრეზენტაციებიდან განხორციელებამდე რა პერიოდი იქნება ამას ჯერ კიდევ არავინ გვეუბნება, ამიტომ კარგად ჩანს, რომ ეს არასრულყოფილი გეგმაც კი, ჯერჯერობით, არის მხოლოდ ფურცელზე არსებული და ძალიან დიდი დრო გავა, სანამ პირველი გაჭირვებული ადამიანი აიღებს, თუნდაც, ელემენტარულ დახმარებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ვერ ან არ არის მზად ადეკვატურად უპასუხოს ეკონომიკურ გამოწვევას, რომელიც კრიზისმა შექმნა ქვეყანაში. და არანაკლებ მნიშვნელოვანი, ჯერჯერობით, ეს ყველაფერი არის მხოლოდ ფურცელზე ვინაიდან არ არსებობს მთავარი - ანტიკრიზისული გეგმის ბიუჯეტი. ის, რაც მოვისმინეთ პრემიერისგან არის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მხოლოდ 300 მილიონით შემცირება. გამოდის, რომ ხელისუფლება არაფერზე არ იკლებს თანხას, მას არ უნდა მოიკლოს თანხა ბიუროკრატიულ ხარჯებზე, მივლინებაზე, ფუფუნებაზე, არ უნდა თანხა მოაკლოს უამრავ უაზრო და არანაირი დატვირთვის მქონე პროექტს, რომელიც ქვყანაში მიმდინარეობს და ამის პარალელურად აბა რით ფინანსდება ყველაფერი ეს? მხოლოდ საგარეო დახმარებებით? ეს საგარეო დახმარების ფული ბიუჯეტში მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია ჯერ შემოსული. ამიტომ ბიუჯეტში ცვლილებების არარსებობა და კრიზისული ბიუჯეტის მოუმზადებლობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ხელისუფლებას ჯერჯერობით ყველაფერი აქვს მხოლოდ ქაღალდზე და ეკონომიკურ ნაწილში ხელისუფლება არსებულ გამოწვევებს ვერ უმკლავდება," - განაცხადა ბაქრაძემ.