
რუსეთის ფედერაცია მნიშვნელოვნად აძლიერებს თავის გავლენას უკრაინის კრიმინალურ სამყაროზე და მისი მეშვეობით - უკრაინის ტერიტორიაზე კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესებაზე.
ამის შესახებ განაცხადა უკრაინის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ვადიმ ტროიანმა. მისი სიტყვების მიხედვით, "კანონიერ ქურდებსა" და "კრიმინალურ ავტორიტეტებს" შორის არიან არა მარტო უკრაინის, არამედ საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის და ყველაზე მეტად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები.
"უკრაინაში შეიმჩნევა დანაშაულებრივი დაჯგუფებების ხელმძღვანელთა აქტივიზაცია, რომელთაც მინიჭებული აქვთ მოქალაქეობა და "კანონიერი ქურდის" სტატუსი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ამასთან დაკავშირებით ისინი იმყოფებიან რფ-ს სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ და გამოიყენებიან ამ სამსახურების მიერ ინფორმაციის შესაგროვებლად და უკრაინის რეგიონებში კრიმინოგენური ვითარების დესტაბილიზაციისათვის", - აღნიშნა ტროიანმა.
მისი მტკიცებით, პოლიციაში ხშირად შემოდის ინფორმაცია, რომ კრიმინალური სამყაროს ლიდერები ჰქმნიან საკუთარ კონტრდაზვერვას, რომლის შემადგენლობაში შედიან ნამდვილი პროფესიონალები - სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ანეიტრალებენ სპეციალური სამსახურების აქტიურობას.
"თითქმის ყველა გავლენიან "კანონიერ ქურდს" ჰყავს მაღალი თანამდებობის მქონე მფარველი. ზოგჯერ კი აქვთ კავშირი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან, რომლებიც სპეციალურად ავრცელებენ რომელიმე თანამდებობის პირის მაკომპრომეტირებელ ინფორმაციას", - განაცსადა ტროიანმა.
ის აღნიშნავს, რომ დამნაშავეთა ცალკეული ჯგუფები შექმნილია ოლიგარქულ-მონოპოლისტური კაპიტალის ეკონომიკური ინტერესების უზრუნველსაყოფად და ფინანსდებიან ოკუპირებული რეგიონებიდან. გარდა ამისა, ტროიანის სიტყვებით, დანაშაულებრივი ორგანიზაციების წევრთა მართლსაწინააღმდეგო საქმიანობა მიმართულია მოგების მისაღებად ლეგალური ეკონომიკისა და კორუფციული სქემების უკანონო გამოყენებით ანუ მიზნად ისახავს ეროვნული სიმდიდრის ხელყოფას.
"უმაღლეს რადაში შეტანილია კანონპროექტი #1188 "უკრაინის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შესახებ (კანონიერი ქურდების პასუხისმგებლობის შესახებ)". ამ კანონის მიღებას შეიძლება ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდეს არა მარტო უკრაინის შიგნით, არამედ საერთაშორისო დონეზეც.
მაგრამ 2016 წლის 17 მაისს კანონი არ იქნა მიღებული. მას ხმა არ მისცეს დეპუტატებმა, რომლებმაც ვერ გაიგეს ან არ უნდოდათ გაეგოთ ასეთი გადაწყვეტილების მნიშვნელობა", - ნათქვამია სტატიაში.
"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კანონმდებლები პარლამენტში ისევ წარადგენენ ახალ კანონპროექტს. ჩვენ უარს არ ვიტყვით ჩვენს რწმენაზე, რაც იმაში მდგომარეობს, რომ კრიმინალის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელნი არიან ე.წ. "კანონიერი ქურდები" და კრიმინალური ავტორიტეტები.
ეს ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად მკაცრად უნდა დაისაჯნონ. ამ ცვლილებების საფუძველი უნდა იყოს ნორმა, რომლის თანახმადაც "კანონიერი ქურდი" მიიღებს შესაბამის სისხლის სამართლის სტატუსს იურიდიული თვალსაზრისითაც", - აცხადებს ტროიანი.