-
2017-02-17 00:48
დღეს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლები, მათზე მომზადებულ ანოტაციებსა და სარეკლამო რგოლებში ხშირად მიუთითებენ, რომ სწავლების სტანდარტები მათთან მაღალია, თუმცა, საბოლოოდ ირკვევა, რომ მათ უმრავლესობაში მაღალი მხოლოდ სწავლის საფასურია.
სტუდენტთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ არ ასწავლიან იმდენს, რამდენსაც ჯამში მათ მიერ გადახდილი თანხა ითვალისწინებს და მიაჩნიათ, რომ სწავლის საფასაური ჩვენს ქვეყანაში არაადეკვატურია. ექსპერტები ამ ფორმულირებას მხოლოდ ნაწილობრივ ეთანხმებიან.
სტუდენტთა თუ ყოფილ სტუდენტთა პრეტენზიებს ბევრი მიზეზი აქვს და ერთ-ერთი ისიცაა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში არაა გარემო, რომელიც სტუდენტის პროფესიონალად ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს. მართალია, ეს ყველაზე არ ითქმის, მაგრამ გამონაკლისი, როგორც წესი, ამინდს ვერ ქმნის.
სწავლის საფასურის არაადეკვატურობა მხოლოდ ცოდნის პრობლემას არ ქმნის. სხვადასხვა სასაწავლებელში სხვადასხვა რეგლამენტია იმისა, თუ როგორ უნდა გადაანაწილო სასწავლო წელზე საფასურის გადახდა. მართალია, პრინციპი ყველგან ერთია, მაგრამ გადახდის სისტემის მოუქნელობა ხშირად პრობლემებს ქმნის, ეს პრობლემები კი იმაში აისახება, რომ ბოლო დროს სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობამ იმატა.
დღესდღეობით საქართველოში სტუდენტების დასაქმება პრობლემაა, ასევე რთულია ბანკში სესხის აღება - სტუდენტურ სესხს ყველა მსურველს არ აძლევენ და ამისათვის საჭიროა ბანკის მიერ შემუშავებული კრიტერიუმების დაკმაყოფილება.
შედეგად, არაერთი სტუდენტი სწავლის საფასურის გადახდას ვერ ახერხებს და იძულებულია, აკადემიური შვებულება აიღოს. სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსური დავალიანების გამო სტუდენტის სტატუსი დღეისათვის 11 000 სტუდენტს აქვს შეჩერებული. ამის მიუხედავად, ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ყველაფერი რიგზეა.
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლის 31 დეკემბრიდან 2016 წლის 7დეკემბრამდე პერიოდში 2461 სტუდენტს შეუჩერდა სტატუსი. ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენისთვის გახდა მიზეზი თანხის გადაუხდელობა, არ არსებობს.
არავისთვის არაა საიდუმლო, რომ სხვადასხვა წლებში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა უმრავლესობა თავიანთი პროფესიით არ მუშაობს, ან თუ მუშაობს, ამბობს, რომ უმაღლეს სასწავლებელში მიღებული თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა თითქმის არაფერში გამოადგა. ყოფილი სტუდენტების დიდი ნაწილი მიიჩნევს,რომ სწავლისთვის ფული ტყუილად აქვთ გადახდილი და თუ ვინმე ნაცნობი არ გყავს, შენი პროფესიით ვერ იმუშავებ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისევე, როგორც უმაღლესი სასაწავლებების უმრავლესობაში, სწავლის საფასური 2250 ლარია. გადახდის სისტემა საკმაოდ მოქნილია და ის სტუდენტებს გადასახადის ათ თანაბარ ნაწილად გაყოფის შესაძლებლობასაც აძლევს, თუმცა, სასწავლებელთა უმრავლესობა მაინც ორეტაპიან გადახდას ანიჭებს უპირატესობას, რაც სტუდენტების არცთუ მცირე ნაწილს უჭირს. არიან ისეთებიც, რომლებსაც სწავლის ხარისხი აკმაყოფილებთ, სწავლაც სურთ, მაგრამ გადასახდელი თანხა არა აქვთ.
ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის მიხედვით სიტუაცია საგრძნობლად განსხვავებულია. მაგალითად, დანიაში, ავსტრიასა და ფინეთში ევროკავშირის მოქალაქე და გაცვლითი პროგრამების სტუდენტი სწავლის საფასურს არ იხდის, საბერძნეთში ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტუდენტებისათვის სწავლა უფასოა, ხოლო გერმანიაში სემესტრში დაახლოებით 500 ევროს უთანაბრდება.
გაეროს განვითარების პროგრამის კვლევის მიხედვით,საქართველოში უმუშევართა 81%-ს საშუალო ან უმაღლესი განათლება აქვს. ამ სურათიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფორმალური საგანმანათლებლო სისტემა შრომის ბაზრისათვის გამოსადეგ განათლებას არ იძლევა, ხოლო სწავლის საფასურის გადახდის საშუალება მათაც არა აქვთ, ვისაც ნამდვილად უნდა სწავლა.
სოფო ლომთათიძე, სპეციალურად ნიუსვოისისთვის

