ზაზა ბიბილაშვილი დევიდ ლის პუნქტობრივად პასუხობს

Image

ზაზა ბიბილაშვილი ბიზნესმენს, "მაგთიკომის" ყოფილ გენერალურ დირექტორს დევიდ ლის პასუხობს, რომელიც, თავის მხრივ, სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ენმ-ს მიერ ზუგდიდში სანდრა რულოვსის წარდგენის შემდეგ, ყოფილი პირველი ლედის განცხადებებს უპასუხა.

 

"ბატონო დევიდ,

 

დიდი რეზონანსი მოჰყვა სანდრა რულოვსის დასახელების პასუხად გავრცელებულ თქვენს ტექსტს. მართლაც საინტერესო ტექსტი იყო. თქვენის ნებართვით, პუნქტობრივად გიპასუხებთ:

 

"2012 წლის შემდეგ უფრო მეტი მსხვილი პროექტი დაიწყო ვიდრე მანამდე ხორციელდებოდა"

 

რომელ ქვეყანაზე წერთ, ბატონო დევიდ? შეგიძლიათ ეს პროექტები დაასახელოთ? ამის გარეშე ცოტა კომიკურია თქვენი თეზისი. კარგად გვახსოვს, ამჟამად რადარებიდან გამქრალი ივანიშვილის მოურავი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრის სკამიდან გვარწმუნებდა, რომ ჯერ 100, ხოლო შემდეგ 200-ზე მეტი ახალი ქარხანა თუ საწარმო შეიქმნა „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ხოლო როცა თხოვდნენ, ეჩვენებინა ეს საწარმოები, ხელს ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდისკენ იშვერდა.

 

თქვენც ხომ ირაკლი ღარიბაშვილივით კომიკური პერსონაჟი არ ბრძანდებით, ბატონო დევიდ? გაგვიმხილეთ - რომელ „უფრო მეტ მსხვილ“ პროექტზე საუბრობთ?

 

რეალობა ისაა, რომ 2012 წლის მერე, ეროვნული საგანძურის (საყდრისის) აფეთქებას და და ივანიშვილის ხუშტურით ძველი თბილისის გამაუპატიურებელ „პანორამას“ თუ არ ჩავთვლით, ახალი პრატიკულად არაფერი დაწყებულა. ხოლო ის, რაც ბოლო 4 წლის მანძილზე დასრულდა, დაწყებული წინა ხელისუფლების დროს იყო, ინერციით გრძელდებოდა და დიდი დაგვიანებით დასრულდა.

 

"რეალურ სექტორში მოქმედ მეწარმეებს არ მოსწონთ ელიტური კორუფცია ან უმიზეზო დაპატიმრებები. მსგავსი რამ აღარ მომხდარა 2012 წლის შემდეგ"

 

ბატონო დევიდ, ეტყობა ძალიან დაშორდით „რეალურ სექტორში მოქმედ მეწარმეებს“, რადგან ელიტური კორუფცია არა მხოლოდ დარჩა, არამედ მისი მასშტაბები გაცილებით გაიზარდა და მას დაემატა ჩვეულებრივი, ტრადიციული, მამა-პაპური კორუფცია. კორუფცია, რომელმაც მოიცვა ყველა სფერო - სახელმწიფო შესყიდვებიდან დაწყებული სასამართლოებით დამთავრებული.

 

კორუფცია, რომელსაც თქვენც და ჩვენც კარგად ვიცნობთ და რომლის გამოც ეს ქვეყანა ჩამორჩენილი ტერიტორია, რუსეთის „უკანა ეზო“ იყო 2003 წლამდე. კორუფცია, რომელსაც უბრალო ადამიანები ყოველდღიურად ეჩეხებიან, მაგრამ რომელთა ბედი, როგორც ჩანს, თქვენ არ გაღელვებთ.

 

"მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დახმარების მიღება და ხარჯვა არ არის კომერციული ინვესტიციების მოზიდვის საპირწონე."

 

ამ თეორიულ პოსტულატში ნამდვილად გეთანხმებით და შეგახსენებთ ფაქტებს:

 

შევარდნაძის ხელისუფლება, რომელიც თქვენ აშკარად გენატრებათ, სწორედ საერთაშორისო დახმარებით სულდგმულობდა და ახერხებდა თავის გატანას. მიუხედავად ამისა, იმდენად კორუმპირებული იყო, რომ ვერ ახერხებდა 14-ლარიანი პენსიისა თუ მიზერული ხელფასების თვეობით გაცემას გაჭირვებულ ადამიანემზე.

 

ვარდების რევოლუციის შემდეგ, ქვეყანაში მოვიდა ხელისუფლება, რომელმაც მთლიანად დაასრულა საქართველოს დამოკიდებულება საერთაშორისო დონორებზე. და ეს იყო ხელისუფლების (პირველ რიგში, აწგარდაცვლილი კახა ბენდუქიძის) გაცნობირებული, წარმატებული პოლიტიკის შედეგი.

 

თუ თქვენ რუსული სამხედრო აგრესიის შემდეგ საქართველოსთვის გამოყოფილ 4 მილიარდიან საერთაშორისო დახმარებას გულისხმობთ, მაშინ ეგებ გაგერკვიათ, რომ ეს დახმარება ეტაპობრივად იხარჯებოდა და მისი ნაწილი „ქართული ოცნების“ პირობებშიც იქნა გამოყოფილი და ათვისებული.

 

კომერციული ინვესტიციების მოზიდვას რაც შეეხება, არასდროს საქართველოში არ შემოსულა იმდენი უცხოელი ინვესტორი, რამდენიც შემოვიდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს. ქართულმა ოცნებამ კი გააკეთა ყველაფერი იმის საპირისპირო, რაც საჭირო იყო ინვესტიციების მოსაზიდად. საუბარია უაზრო საკანონმდებლო შეზღუდვებზე, აკრძალვებზე, დამატებით ნებართვებზე, გაზრდილ ბიუროკრატიაზე და ბიზნესის შემაფერხებელ რეგულაციებზე.

 

თქვენ ეს არ იცით თუ იცით, მაგრამ არ იმჩნევთ?

 

"რეგიონული სავალუტო კოლაფსი არ იყო საქართველოს მიერ გამოწვეული და ეკონომიკამ დიდი გამძლეობის უნარი ცხადყო."

 

ანუ თქვენი აზრით, სავიზო ანტირეფორმას, უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვას, საკანონმდებლო შეზღუდვებს, სოციალისტური ხასიათის რეგულაციებს, ბიუროკრატიულ მარაზმებს, უცხოელ პარტნიორებთან გაფუჭებულ ურთიერთობებსა და პოლიტიკური ოპონენტების დევნას არანაირ გავლენა არ მოუხდენია ბიზნესგარემოზე და ყველაფერი მხოლოდ „რეგიონული სავალუტო კოლაფსის“ ბრალი იყო?

 

გაცილებით მაღალი აზრის ვარ თქვენზე და არ მინდა დავიჯერო, რომ მართლა ასე ფიქრობთ.

 

"საქართველოს ძალიან ღია და პლურალისტური მედია გარემო გააჩნია, ისეთი როგორიც მანამდე არასდროს ჰქონია. ის ყველაზე ღიაა რეგიონის მასშტაბით და აღმოსავლეთ ევროპაშიც."

 

გეთანხმებით, ბატონო დევიდ. საითაც არ გაიხედავ, თქვენი თეზისის სისწორის დამადასტურებელი მაგალითებია! - მარტო დავით პაიჭაძის, ეკა კვესიტაძის, ეკა მიშველაძის, ინგა გრიგოლიას, ვახო სანაიას, გიორგი ისაკაძის, „ბიზნესკონტაქტის“, „მაესტროს“ ხელში ჩადგების, ნიკა გვარამიას დევნისა და ბოლოს, რუსთავი 2-ის საქმეები რად ღირს.

 

თუ ეს ყველაფერი გაგონილი არ გაქვთ, მაშინ მედიის თემებზე კომენტარები არ უნდა აკეთოთ. ხოლო თუ გაგონილი გაქვთ და მაინც ისე ფიქრობთ, როგორც დაწერეთ, მაშინ თქვენი კეთილსინდისიერება სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

 

"სამართლის უზენაესობა 2012 წელს ფერფლად იქცა და არაკორუმპირებული უცხოელი ინვესტორებისთვის დიდ შემაფერხებელი ფაქტორად იქცა."

 

ამაშიც გეთანხმებით, ბატონო დევიდ!

 

თქვენს სიტყვებს „ფროიდული წამოცდენა“ ჰქვია, ბატონო დევიდ. არც პირველი ხართ და არც უკანასკნელი, ვისაც ეს მოუვიდა. რამდენიმე წლის წინ, ქართული ოცნების ყრილობაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ აღადგინა ძალადობა და უსამართლობა. როგორ გინდა, რომ არ დაეთანხმო?

 

2012 წელს სამართლის უზენაესობა მართლაც ფერფლად იქცა და საქართველომ ერთი უბირი ოლიგარქის ჭკუაზე დაიწყო სიარული. ეს ოლიგარქი დღემდე კანონისა და კონსტიტუციის უგულებელყოფით მართავს ქვეყანას მისი პირადი ბანკირის, პირადი მცველის, პირადი ექიმის, პირადი თანაშემწისა და სხვა მოჯამაგირეების ხელით.

 

დღეს უცხოელ ბიზნესმენებს ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ წილში უჯდებიან. რამდენიმე ასეთმა ბიზნესმენმა საქართველოში არსებულ უცხოურ სავაჭრო პალატებსაც მიმართა და ხელისუფლების წარმომადგენელთა კონკრეტული სახელები და გვარები დაასახელა. როგორც ჩანს, თქვენ მათი ისტორიები არ გაინტერესებთ, რადგან სხვა მოტივები გამოძრავებთ. დასანანია.

 

"მთავრობამ დააკმაყოფილა ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებებში განსაზღვრული მოთხოვნები."

 

დიდი დაგვიანებით, მთავრობამ დაასრულა ნაციონალური მოძრაობის მიერ დაწყებული საქმე. მადლობა მთავრობას, რომ დაწყებული საქმე არ გააფუჭეს და ისევე არ ჩაშალეს, როგორც თბილისის შემოვლითი რკინიგზის, ლაზიკის, რიყის საკონცერტო და საგამოფენო დარბაზებისა და ათობით სხვა საშვილიშვილო პროექტი, რომელთა განხორციელებაც უფრო განვითარებულსა და მიმზიდველს გახდიდა საქართველოს და რომლებიც მხოლოდ წინა ხელისუფლების ჯინაზე, ირაციონალური ზიზღის გამო შეაჩერეს.

 

"სტრატეგიულ აქტივებს აღარ ვთავაზობთ რუსეთს. არც ლიცენზიებს ვანიჭებთ სტრატეგიული კომუნიკაციების ოპერირებისთვის."

 

ძალიან გულდასაწყვეტია, როცა ერთი შეხედვით სერიოზული ადამიანი მარგინალური ყვითელი პრესის დონის რიტორიკას გთავაზობს. მაგრამ რადგან ასეა, გიპასუხებთ -

 

იმ დროში, რომელიც თქვენ გენატრებათ (2003 წლამდელი საქართველო) და რომელიც ახლა მოგწონთ (2012 წლის შემდეგ) მთელი საქართველოა რუსეთის გავლენის ქვეშ:

 

ივანიშვილი ბედუკაძის მოკავშირეა და დღემდე აფინანსებს მას. ივანიშვილის სასურველი ოპოზიცია ინაშვილი და ბურჯანაძეა. ივანიშვილმა რუსეთის ჯაშუშები და საერთაშორისო ტერორისტები პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა ციხეებიდან და დაატუსაღა ისინი, ვინც ამ ურჩხულებისგან კანონმორჩილ ადამიანებს იცავდა.

 

ამერიკაში საქართველოს ელჩის აღიარებით, საქართველოს ხელისუფლებაში პრორუსული ძალებიც არიან (უბრალოდ, მათი გავლენა არაა დიდი). ხოდა, რაზე გველაპარაკებით?!

 

ან კი რომელი „სტრატეგიული აქტივი“ მუშაობდა უკეთ 2003 წლამდე, ვიდრე მათი პრივატიზების შემდეგ? ერთი მაინც დაასახელეთ ასეთი! მემარცხენე პროფკავშირის ან მარგინალური პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი ხართ თუ მეინსტრიმ ბიზნესმენი?

 

"ქუჩაში სისასტიკის მაჩვენებელი ამ მთავრობის პირობებში მინიმალურია, 2012 წლამდე არსებულ ქუჩის ექსტრემალურ სისასტიკესთან შედარებით. საქართველოს მოსახლეობისთვის მიუღებელია სისასტიკის ნებისმიერი გამოხატულება."

 

მართალი ხართ. ძალადობის ფორმები შეიცვალა. მაგალითად, საქართველოში დაბრუნდა შეკვეთილი მკვლელობები და ადამიანთა გატაცება გამოსასყიდის მიღების მიზნით. როგორც ჩანს, თქვენთვის ეს მისაღებია. თქვენთვის უფრო პრობლემურია, როცა პოლიცია შლის გრუ-ს სპეცრაზმის მომლოდინე პროვოკატორთა ჯგუფს, რომლემაც პოლიციელი მოკლა, ვიდრე ის, რომ ბიზნესმენებს დღეს დაქირავებული ქილერები კლავენ ან იტაცებენ.

 

ვერ შეგედავებით - ყველა თავისი ღირებულებების მიხედვით განსაზღვრავს საკუთარ პრიორიტეტებს.

 

"პენიტენციურ სისტემაში ადამიანებს სამედიცინო მკურნალობა უტარდება. აღარ ხდება მათი ყოველდღიური წამება."

 

ეტყობა შალვა თათუხაშვილის, ლევან კორტავას, გიგა ფარტენაძის სახელები არ გაგიგიათ. სხვებსაც შემოგაშველებთ. მთავარია, დანახვა გინდოდეთ.

 

ყოველივე ეს ქმნის უკეთეს ბიზნეს გარემოს.

 

ვგონებ, ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, თქვენთან ბიზნესგარემოზე საუბარი უადგილოა. თუმცა მაინც აღვნიშნავ - 2004-2012 წლებში ეკონომიკა იზრდებოდა საშუალოდ 7%-ით. და ეს, მიუხედავად რუსული სავაჭრო ემბარგოსი, ენერგეტიკული ბლოკადის, რუსული სამხერდო აგრესიის და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის.

 

2012 წლის შემდეგ ეკონომიკური ზრდა 3%-ს ძლივს აღწევს. ეს არის უკეთესი ბიზნესგარემო?

 

მესმის, რომ თქვენ და კიდევ რამდენიმე ოჯახი ახლა გაცილებით უკეთ და კომფორტულად გრნობთ თავს - როგორც 2003 წლამდე. მაგრამ გარწმუნებთ, ძალიან ვიწრო, ჩაკეტილ წრეში ტრიალებთ.

 

"არც პოლიტიკოსი ვარ და არც პოლიტიკოსის ცოლი, მაგრამ ვიცი რა სურთ ბიზნესმენების უმრავლესობას: სტაბილურობა და სამართლის უზენაესობა. მათ არ სურთ მიშას და მისი პარტიის პოლიტიკურ რეალობაში დაბრუნება."

 

გეთანხმებით, არც პოლიტიკოსი ხართ და არც პოლიტიკოსის ცოლი. თქვენ კომპანიის პრეზიდენტი ხართ, რომელსაც იმაზე ნაკლები უფლებები აქვს საკუთარ კომპანიაში, ვიდრე გიორგი მარგველაშვილს - საქართველოში. მეტიც - ხანდახან, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ხელფასს სწორედ „უცხოელი ბიზნესმესის“ სტატუსით გაკეთებულ მსგავს განცხადებებში გიხდიან".

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !